მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “კიეზა ბევრად უკეთაა, პოგბა განაცხადში იქნება”

ალეგრი: “კიეზა ბევრად უკეთაა, პოგბა განაცხადში იქნება”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ლისაბონის „სპორტინგთან“ ევროპა ლიგის მეოთხედფინალური მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

იტალიელმა სპეციალისტმა, როგორც მეტოქეზე, ისე თავისი გუნდის შესახებ ვრცლად ისაუბრა.

„სპორტინგი“ არის გუნდი, რომელმაც ბოლო 11 მატჩიდან 7 მოიგო და 4-ჯერ ფრე ითამაშა. ახალგაზრდული და კარგად ორგანიზებული გუნდია. მათმა მწვრთნელმა გუნდს 19-წლიანი პაუზის შემდეგ პორტუგალიის ჩემპიონატი მოაგებინა. ყურადღებით უნდა ვიყოთ და ნიადაგი შევქმნათ ლისაბონში მომდევნო ეტაპზე გასასვლელად. ისინი ტექნიკური და კარგად ორგანიზებული არიან, მათ „არსენალი“ გააგდეს, რომელიც პრემიერლიგის ლიდერია. სრულიად განსხვავებული „სპორტინგია“, ვიდრე წინა წლებში და ევროტურნირებზე მეტოქის დაუფასებლობა არ შეიძლება.

3-4-3? ხვალ ვნახოთ, შემადგენლობას ხვალ გადავწყვეტ. მთავარი არ არის სქემა, არამედ კომპაქტურობა, ბალანსი, ეს არასდროს უნდა დავკარგოთ. თამაში 180 წუთისგან შედგება, საჭიროა გამარჯვება, რადგან სტუმრად უპირატესი გოლის წესი აღარ არსებობს. კიეზა? ხვალ ვნახოთ, მისი თამაში სქემაზე არ არის დამოკიდებული. ნერვიულობა? გუნდი არ ნერვიულობს, ძალიან მშვიდად ვართ. თუმცა ძარღვებში სისხლი გვაქვს და არა წყალი. შეიძლება იყო რეაქციები, მაგრამ ეს არ ამართლებს იმას, რაც „ინტერთან“ მოხდა. თუმცა, იტალიაში იმდენი რამ არის გადასახედი, უამრავი არასწორი სიტყვა, არასწორი დამოკიდებულება. ძალიან ვწუხვართ, ეს არ იყო სასიამოვნო შესახედი.

ალექს სანდროს და ვლაჰოვიჩს თამაში შეუძლიათ, დე შილიოს – არა. დუშანს 90 წუთის თამაშის შეუძლია და ხვალისთვის ხელმისაწვდომია. კრიტიკა? კრიშტიანუ რონალდუსაც აკრიტიკებდნენ, როდესაც საწყის 5 მატჩში გოლი ვერ გაიტანა. თავდამსხმელი გოლით ფასდება, მაგრამ ვლაჰოვიჩმა ტექნიკურ დონეზე ძალიან მოუმატა. ის მხოლოდ 22 წლისაა, ეს ყველას ემართება, მათ შორის, დიდ ფეხბურთელებსაც, სეზონში არის მომენტები, როცა საქმეები ნაკლებად კარგად მიდის. დუშანი უნდა იყოს მშვიდი, გაწონასწორებული, რაც მნიშვნელოვანი და რთულია. არ დაგვავიწყდეს, რომ შარშან ვიღაცებს სურდათ რაბიო მოედანზე აღარ ენახათ, ვცდები? ძალიან კარგი მეხსიერება მაქვს. აქ მოსაზრებები ისე იცვლება, როგორც ქარი ლივორნოში. დუშანს აქვს კარგი თვისებები, ახალგაზრდაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ახლა ნაკლებად ძლიერია. გოლებს ამჟამად ვერ იტანს, მაგრამ კმაყოფილი ვარ იმით, რასაც აკეთებს.

პარედესი? აღდგომის დღეს კარგი ვახშამი გვქონდა, მშვენიერი დღე იყო. ლეანდროსთან ვისაუბრე, მესმის მისი იმედგაცრუება, როცა ცოტას თამაშობ, ეს თამაშის ნაწილია. მთავარი ისაა, რომ ყველა კონცენტრირებული იყოს სეზონის 60 თამაშზე. ბევრია, ვისაც თამაში არ უწევს, მაგრამ არჩევანს გუნდის სასიკეთოდ ვაკეთებ. ვენდობი იმ ფეხბურთელებს, რომლებიც მყავს. წელს ყველამ ითამაშა, მე კმაყოფილი ვარ, მისი არ რეაქციით, ეს ნიშნავს, რომ მას თამაში უნდა სეზონის დარჩენილ ნაწილში.

პოგბა? ხვალ განაცხადში იქნება, ვნახოთ, ითამაშებს თუ არა. მთავარია, რომ გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა. სეზონის ფინალურ ნაწილში თუ ის კარგად იქნება, ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არ დაგვავიწყდეს, რომ ჯერ სეზონი კიდევ გრძელია, დარჩენილია სერია A-ს 9 თამაში, იმედი გვაქვს, რომ ევროპა ლიგასა და იტალიის თასზე, 4, 5, 7 თამაშის ჩატარება მოგვიწევს. 16 თამაში ბევრია. კიეზა? ის ახლა ბევრად უკეთაა.

ზეწოლა? ეს „იუვენტუსში“ ყოველთვისაა, ვაგრძელებთ მოედანზე მუშაობას. გვაქვს შანსი მაისში კალენდარი სავსე გვქონდეს ნახევარფინალებით. ვნახოთ, მოვახერხებთ თუ არა, იტალიის თასის ფინალში და სერია A-ში 27 ქულაა გასათამაშებელი. გუნდი სოლიდურია იმ ამბების მიმართ, რომელიც ჩვენს ირგვლივ ვრცელდება. ამ უჩვეულო გამოცდილებიდან ჩვენ ყველანი გაძლიერებული გამოვდივართ. გამოსავალი ყოველთვის არსებობს. მოედანზე ვფიქრობთ, ხელმძღვანელობა კი კლუბს იცავს. ვიმეორებ, „ლაციოსთან“ წაგებითაც კი ჩვენ 59 ქულა გვაქვს, ახლა კი ვნახოთ ბოლო 9 ტურში რა მოხდება. მოგწონთ თუ არა, ფაქტია, რომ სერია A-ში მეორე ადგილზე ვართ, ეს გასაგები უნდა იყოს ყველასთვის, მათთვისაც, ვისაც არ მოვწონვართ. ევროპა ლიგა? ერთი თამაშის მოგება უფრო ადვილია, ვიდრე ტურნირის მოგება. გამარჯვება ყოველთვის განსაკუთრებულია, ეს არ არის ჩვეულებრივი. ევროპა ლიგა რთული ტურნირია, ყოჩაღები უნდა ვიყოთ, ფინალში დაბრუნება დიდი წარმატება იქნება. თუმცა, იქამდე 4 თამაში რჩება, ამიტომ, ჯერ ამ ერთ თამაშზე უნდა ვიფიქროთ, ერთ კვირაში კი მეორეზე.

ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლობისთვის სინანული იზრდება? კარგია, რომ გუშინ „ინტერმა“ მოიგო, დღეს საღამოს „მილანი“ – „ნაპოლია“, ეს კარგია იტალიური ფეხბურთისთვის. გამოდის, რომ ჩვენ ევროპა ლიგაზე თამაში დავიმსახურეთ, თუ აქ ვიმყოფებით. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე დავბრუნდეთ, მაგრამ იტალიური გუნდების შედეგი არ მიკვირს.

არ გვეშინია, თუმცა, შიში კარგი სიგნალია, ეს პატივისცემას ნიშნავს. გამიმართლა, რომ მყავს ბონუჩი, დანილო, პერინი, იგივე პინსოლიო. ასევე, კუადრადო, ალექს სანდრო, რომლებიც ამდენი წელია „იუვეში“ არიან. ამ სეზონში მოედანზე ვერ ვნახეთ პოგბა, მაგრამ ვნახეთ ახალგაზრდები, რომლებიც შეიძლება კლუბის მომავალი გახდნენ. გამიმართლა, რომ ეს ფეხბურთელები მყავს. რომელია „იუვეს“ საუკეთესო ვერსია? რომელიც იმარჯვებს“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „სპორტინგის“ მატჩი 13 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …