ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე ვოიცეხ შჩესნიმ პოლონურ მედიას ინტერვიუ მისცა, რომელშიც იტალიურ კლუბში არსებულ ვითარებასა და თავის მომავალზე ვრცლად ესაუბრა.
„ჩემპიონთა ლიგის თასი ჩვენთვის ხელმისაწვდომი იყო პირველ ორ სეზონში, შემდეგ კი ისეთ გუნდებთან გამოვარდით, რომლებთანაც არ უნდა წაგვეგო („ლიონი“, „პორტუ“ და „ვილიარეალი“), მაგრამ ეს ფეხბურთია.
ორი წელი სკუდეტოს გარეშე? ადრე თუ გვიან, გამარჯვების მარათონი უნდა დასრულებულიყო. 9-წლიანი გამარჯვების შემდეგ თაობა შეიცვალა. ცვლილებები კი ყოველთვის იწვევს საფასურის გადახდას. ბევრი ფეხბურთელი წავიდა ბოლო ორი წლის განმავლობაში, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს წარმატებებში და გუნდის საფუძველს წარმოადგენდნენ. ცვლილებების გამო ყოველთვის გიწევს საფასურის გადახდა, გვინდოდა, რომ ეს სკუდეტო არ ყოფილიყო, მაგრამ არ გამოვიდა. ვიცი, რომ ეს ცუდად ჟღერს „იუვენტუსის“ ფეხბურთელის მხრიდან, რადგან ეს კლუბი არასოდეს იბრძვის მეორე, მესამე ან მეოთხე ადგილისთვის და ყოველთვის მხოლოდ პირველობისთვის იბრძვის. ბოლო ორ სეზონს რომ ვიხსენებ, ვფიქრობ, რომ პირლომ და ალეგრიმ დიდი სამუშაო გასწიეს, რომ ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოვხვედრილიყავით, იმიტომ, რომ მზად არ ვიყავით ტიტულისთვის საბრძოლველად. ხელმძღვანელობამ მართლაც დიდი ძალისხმევა გასწია, რათა, რაც შეიძლება ნაკლები იყოს დანაკარგი თაობათა ცვლის პროცესში. ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობას დიდი ფინანსური შემოსავალი მოაქვს და გვიხარია, რომ ამას მივაღწიეთ. გვჯერა, რომ მომდევნო სეზონებში უკეთეს „იუვეს“ ვიხილავთ, ვიდრე ბოლო სეზონებში ვნახეთ.
კრიშტიანუ რონალდუ? ის ბრწყინვალე ფეხბურთელია, რომელიც განსხვავებას ქმნის და არა მხოლოდ მოედანზე. არ ვიცი, არის თუ არა, მსოფლიოში ვინმე მის დონეზე. თუმცა, მას ვუყურებდით, როგორც თანაგუნდელს და არა, როგორც კრიშტიანუს. როცა გავიგეთ, რომ „იუვეში“ გადმოვიდა, პირველი ჩვენი რეაქცია იყო – „ვაუ!“ თუმცა, გუნდში ბალანსი საჭიროა, ვინმემ ვინმეზე ნაკლებ მნიშვნელოვნად არ უნდა იგრძნოს თავის, გუნდმა ერთად უნდა იმუშაოს და ერთი მეორეზე მაღლა ვერ იქნება. ძალიან აღელვებული ვიყავი მასთან თამაშით, მითუმეტეს, რომ ბევრ კარგ ფეხბურთელთან მითამაშია, მაგრამ პირველ რიგში, როგორც თანაგუნდელს ისე ვუყურებდი. მასთან ერთად ისეთი რამ განვიცადე, რაც სხვა ფეხბურთელებთან არ განმიცდია. როცა კრიშტიანუ გუნდში გვყავდა, თითქოს მოედანზე გავდიოდით და უკვე 1:0-ს ვიგებდით მსაჯის სასტვენისთანავე. ეს შთამბეჭდავი იყო.
„იუვე“ ჩემი ბოლო კლუბია? ალბათ, კი. კიდევ 3 წელი მაქვს კონტრაქტი და თუ ისინი შემინარჩუნებენ, მეც მინდა, კონტრაქტის ბოლომდე დავრჩე. ყოველ წელს არის სატრანსფერო ჭორები, რომ ჩემს ადგილზე ბევრი მეკარე მოდის ან კონკურენციის გაწევა მომიწევს. ახლა კი, ვნერვიულობ, რომ „იუვეს“ ახალ მეკარეზე ჭორები არ ისმის.
40 წლამდე თამაში, როგორც ბუფონი? მე ვარ ვოიცეხ შჩესნი და არა ჯიჯი ბუფონი. არ ვითამაშებ იმდენ ხანს, როგორც ჯიჯი თამაშობს. ახლა ჩემი გეგმაა, რომ პატივი ვცე კონტრაქტს, რომელიც „იუვესთან“ 2025-წლამდე მაკავშირებს, შემდეგ შეიძლება კიდევ ორი სეზონი ესპანეთში ვითამაშო, სადაც სახლი მაქვს, მაგრამ ეს შორეული პერსპექტივაა. ამჟამად არ ვიცი, ვითამაშებ თუ არა, 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, მაშინ 36 წლის ვიქნები, არც ისე მოხუცი, მაგრამ მგონია, რომ ასეთ ფიზიკური კონდიციაში ვეღარ ვიქნები. დღეს თავს მშვენივრად ვგრძნობ, მაგრამ წლებიც მიფრინავს. არასდროს მიფიქრია და არც დამიგეგმავს 40 წლამდე თამაში“, – თქვა შჩესნიმ.
შეგახსენებთ, რომ ვოიცეხ შჩესნი „იუვენტუსს“ 2017 წელს „რომადან“ შეუერთდა და 177 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული.