„პალერმოსა“ და „ჩეზენას“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა რინო ფოსკიმ პაულო დიბალაზე ისაუბრა, როდესაც ის 2015 წელს „პალერმოდან“ „იუვენტუსში“ გადადიოდა.
ასევე გააკეთა კომენტარი ფედერიკო კიეზაზე, რომლის დამატება მაშინ უნდოდა, როდესაც უკვე „ჩეზენაში“ მუშაობდა.
„მახსოვს მოლაპარაკებები დიბალას გაყიდვაზე. ძამპარინის პაულო უყვარდა, მაგრამ მისი გაშვება სწორი იყო. მაროტას და პარატიჩის მისი შეძენა ნებისმიერ ფასად უნდოდათ, მაგრამ თავიდან იმაზე ნაკლები შემოგვთავაზეს, ვიდრე ჩვენ მოვითხოვეთ. ერთ დღეს ძამპარინიმ დამირეკა და მითხრა: „დე ლაურენტისმა 20 მილიონი და პლუს ჟორჟინიო შემომთავაზა, როგორ მოვიქცეთ?“ ჟორჟინიო მაშინაც კარგი ფეხბურთელი იყო, ძამპარინიმ ბოლო ინტერვიუში თქვა კიდეც, რომ მე ვიყავი ერთ-ერთი, ვისაც ჟორჟინიოსი წლების წინ სჯეროდა. უბრალოდ, ჩვენ საბოლოოდ მთლიანი ფულის აღება გვერჩივნა და „იუვენტუსს“ მივყიდეთ 32 მილიონად, რასაც 8 მილიონი ბონუსი დაემატა.
კიეზა? მისი თამაში პირველად „ფიორენტინას“ ახალგაზრდულ გუნდში ვნახე და კლუბთან შეთანხმებული ვიყავი, რომ „ჩეზენაში“ იჯარით უნდა წამეყვანა. კორვინოსთანაც ყველაფერი მოგვარებული იყო. თუმცა, შემდეგ პაულო სოუზა მივიდა, ნახა მისი თამაში და გუნდიდან ფედერიკოს გაშვება არ მოინდომა. მართალიც იყო. ენრიკო ფანტასტიკური თავდამსხმელი იყო, მაგრამ ფედერიკო უკვე მამამისზე უკეთესია. ის თამაშობს „იუვეში“ და ევროპის ჩემპიონატი მოიგო.
ლოკატელი? კარგი ტრანსფერი იქნება. „იუვე“ შეცდომას იშვიათად უშვებს. ასე იყო მაროტასთან და პარატიჩისთან და ასე იქნება კერუბინისთანაც, რადგან ის მათგან სწავლობდა“, – თქვა ფოსკიმ.