ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა „იუვენტუსთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. გერმანელმა სპეციალისტმა თქვა, რომ „იუვესთან“ რთულ თამაშს ელოდება, რადგან ამ გუნდს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს.
„ნგოლო კანტეს კორონავირუსი აქვს, კარანტინშია და არ უვარჯიშია. არ ვიცი, ჩემს გუნდში რამდენი ფეხბურთელია ვაქცინირებული, ისინი ზრდასრული ადამიანები არიან და არჩევანის უფლება გააჩნიათ. მე აცრილი ვარ, მაგრამ არავის არაფრისკენ მოვუწოდებ. ტრავმების გამო რის ჯეიმსი, კრისტიან პულიშიჩი და მეისონ მაუნტი ვერ ითამაშებენ.
„იუვემ“ სერია A რთულად დაიწყო, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე დაგვანახა რა შეუძლია. ზოგი გუნდი ევროპაში განსხვავებულად თამაშობს და მათ სურთ დაამტკიცონ, რომ „იუვენტუსი“ არიან. მეტოქეს მისი დონისა და ტრადიციების გამო დიდ პატივს ვცემთ, რთული თამაში იქნება, მაგრამ ჩვენი შესაძლებლობების გვწამს.
რონალდუს გარეშე „იუვენტუსი“? ყველაფერს დრო გვიჩვენებს, მაგრამ მის გარეშე ნებისმიერი გუნდი სუსტდება და ის პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე ყოველმატჩში ამტკიცებს რა შეუძლია. მათ დიდი ფეხბურთელი დაკარგეს, მაგრამ მის გარეშეც შესაძლებელია დიდი გუნდის შექმნა და გამარჯვება. „იუვეც“ ასეთია – გამოცდილი, ღრმა და ხარისხიანი შემადგენლობით, შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავს და დნმ-ში გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს. მე პირველად მომიწევს „იუვენტუსთან“ დაპირისპირება და ასეთი გამოწვევა გაუმჯობესებაში უფრო გვეხმარება“, – თქვა ტუხელმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ჩელსის“ მატჩი 29 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.