ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც გასულ სეზონს და მის მიერ მოგებულ ტიტულებსა და დამყარებულ რეკორდებს მიუძღვნა.
“ნებისმიერი ტოპფეხბურთელის კარიერა შედგება აღმართისგან და დაღმართისგან. წლიდან წლამდე ფანტასტიკურ გუნდებს ვხვდებით, არაჩვეულებრივი ფეხბურთელებით და ამბიციური მიზნებით, ამიტომ, ყოველთვის უნდა ვცდილობდეთ მაქსიმალურად გავაუმჯობესოთ საკუთარი თავი საუკეთესოების დონეზე. წელს ვერ მოვიგეთ სერია A, ვულოცავ “ინტერს” დამსახურებულ ტიტულს. ამასთან, მე უნდა დავაფასო ყველაფერი, რასაც ამ სეზონში მივაღწიეთ “იუვენტუსში”, როგორც გუნდურ, ისე ინდივიდუალურ დონეზე. იტალიის სუპერთასი, იტალიის თასი და სერია A-ს ბომბარდირის ტიტული ბედნიერებით მავსებს ქვეყანაში, სადაც გამარჯვება ადვილი არ არის. ამ მიღწევებით მივაღწიე მიზანს, რომელიც დავისახე იტალიაში ჩასვლის პირველი დღიდან: ჩემპიონის, თასისა და სუპერთასის მოგება, ასევე საუკეთესო ფეხბურთელისა და ბომბარდირის წოდების მოპოვება ამ დიდ საფეხბურთო ქვეყანაში, სადაც უდიდესი ფეხბურთელები, გიგანტური კლუბები და ფეხბურთის საკუთარი კულტურაა.
უკვე ვთქვი, რომ რეკორდებს არ მივდევ, რეკორდები მომდევენ. მათთვის, ვისაც არ ესმის რას ვგულისხმობ ამაში, ძალიან მარტივია: ფეხბურთი გუნდური თამაშია, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ინდივიდუალური გზით ვეხმარებით ჩვენს გუნდებს მიზნების მიღწევაში. როდესაც აღწევ ინდივიდუალურ რეკორდებს გუნდური ტიტულებიც გარდაუვალი ხდება.
მე ძალიან ვამაყობ იმ ფაქტით, რომ ინგლისში, იტალიასა და ესპანეთში გავხდი ჩემპიონი, თასის მფლობელი და სუპერთასის გამარჯვებული. ასევე სამივე ქვეყანაში საუკეთესო ფეხბურთელი, საუკეთესო ბომბარდირი და სამივეგან გავიტანე 100-ზე მეტი გოლი. არაფერი შეედრება იმ გრძნობას, რომ მე დავტოვე ჩემი კვალი იმ ქვეყნებში, სადაც ვთამაშობდი და სიხარული მივანიჭე იმ კლუბების გულშემატკივრებს, რომელსაც წარმოვადგენდი. ეს არის ის, რისთვისაც ვშრომობ. მადლობა ყველას ვინც მონაწილეობა მიიღო ამ მოგზაურობაში. ჩვენ ერთად ვართ”, – დაწერა რონალდუმ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს იტალიაში ამ სეზონამდე თასი და საუკეთესო ბომბარდირის ტიტული არ ჰქონდა მოგებული, მაგრამ ამ მიზნებსაც მიაღწია. მას ტურინულ გრანდთან კონტრაქტი კიდევ 1 წელი აკავშირებს.