ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ადრიენ რაბიომ ფრანგულ მედიასთან თავის მომავალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არაფერს გამორიცხავს – არც ტურინში დარჩენას და არც წასვლას.
„დავრჩები თუ არა „იუვენტუსში“? ჯერ არ ვიცი, ამაზე საუბრის დრო ახლა არ არის. ეჭვგარეშეა, რომ ჩემი ბოლოდროინდელი თამაშები სხვა გუნდის მოძებნაშიც დამეხმარება, მაგრამ ასევე „იუვესთან“ კონტრაქტის განახლებაზე სასაუბროდაც. ახლა ჩემი აქცენტი მთლიანად მსოფლიოს ჩემპიონატზეა გამახვილებული“, – თქვა რაბიომ.
შეგახსენებთ, რომ ადრიენ რაბიოს კონტრაქტი 2023 წლის ივნისში იწურება და ამჟამად მისი ხელფასი სეზონში 7 მილიონი ევროა, თუმცა, როგორც იტალიური მედია წერს, კონტრაქტის განახლების სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს ითხოვს. არ გამორიცხავენ, თუ შეთანხმება ვერ შედგა, „იუვემ“ რაბიოს გაყიდვა იანვარში სცადოს, რათა ზაფხულში უფასოდ არ დაკარგოს.
თუმცა, ვინაიდან მიმდინარე სეზონში 27 წლის ფეხბურთელი ძალიან კარგად ატარებს, ტურინელები მასთან შეთანხმებას ეცდებიან.