ტურინის „იუვენტუსმა“ ჯანლუიჯი დონარუმა ვერ დაიმატა და აქცენტს მომდევნო წლებში ისევ ვოიცეხ შჩესნიზე გააკეთებს. „რაი სპორტის“ ჟურნალისტმა პაოლო პაგანინიმ განაცხადა, რომ სიტუაცია ფაბიო პარატიჩის გათავისუფლების შემდეგ შეიცვალა, რომელიც დონარუმას ტრანსფერის მომხრე იყო.
“დონარუმას „იუვენტუსში“ გადასვლის ოპერაციას ფაბიო პარატიჩი ამზადებდა, მაგრამ მისი წასვლის შემდეგ სტრატეგია შეიცვალა და კერუბინიმ დონარუმაზე უარი თქვა. გარდა ამისა, შჩესნის გაყიდვაზე კლუბს წინადადებაც არ მიუღია. თუმცა, როდესაც საქმე გვაქვს 31 წლის და 22 წლის მეკარეებთან, რომელიც თავისუფალი აგენტია, ალბათ გარისკვა შეიძლებოდა. ფეხბურთში არასდროს უნდა თქვა არასდროს, მაგრამ დღეისთვის პსჟ-ში დონარუმას ტრანსფერთან დაკავშირებით არანაირი დაბრკოლება არ არსებობს“, – თქვა პაგანინიმ.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ ჟერმენი“ ჯანლუიჯი დონარუმას თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატებს.