ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა კრისტიან პანუჩიმ ნეაპოლში „იუვენტუსის“ მარცხის შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვეს“ კრიზისიდან გამოსვლის პოტენციალი აქვს და ასეთი წარუმატებელი თამაშის ჩატარება ფეხბურთში ზოგჯერ შესაძლებელია.
„არ ველოდი, რომ „იუვე“ 1:5 დამარცხდებოდა. „ნაპოლი“ ძლიერია და დიდებული თამაში ჩაატარა, დამსახურებულადაა მთელი სეზონის განმავლობაში პირველ ადგილზე. 8 ტურის განმავლობაში „იუვენტუსი“ იდეალური იყო, მაგრამ ეს მათი დღე არ იყო. ვისაც ფეხბურთი უთამაშია, იცის, რომ შეიძლება ასეთი მატჩები იყოს, მთავარია, ამაზე აღარ იფიქრონ.
როგორც ფაბიო კაპელო ამბობდა, უმჯობესია 5 გოლი ერთ თამაშში გაუშვა, ვიდრე ხუთ თამაშში და ყველა მატჩი 0:1 წააგო. „იუვეს“ აქვს პოტენციალი, რომ ამ სიტუაციას თავი დააღწიოს“, – თქვა პანუჩიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 19 იანვარს, იტალიის თასზე „მონცასთან“ ჩაატარებს.