„ნაპოლი“ ტურინში ჩავიდა და მატჩი, რომელსაც გადადება ემუქრებოდა, გაიმართება. საქმე ისაა, რომ ნეაპოლელთა რიგებში კორონავირუსია გავრცელებული, მაგრამ ნეაპოლის ჯანდაცვის უწყებამ გუნდს ტურინში გამგზავრების უფლება მისცა.
ცნობისთვის, შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში იმავე უწყებამ „ნაპოლი“ ტურინში სათამაშოდ არ გაუშვა, მაშინ თავიდან „იუვეს“ ტექნიკური მოგება ჩაეთვალა, მოგვიანებით ეს გადაწყვეტილება გაუქმდა და თამაში გადაიდო, რომელიც საბოლოოდ, „იუვემ“ 2:1 მოიგო.
თუმცა, მიუხედავად ამისა, „ნაპოლის“ ფეხბურთელები, ამირ რაჰმანი, სტანისლავ ლობოტკა და პიტრ ზიელინკის ნეაპოლის ჯანდაცვის უწყებამ ტურინში არ გაუშვა, რადგან მათ ვაქცინის ბუსტერდოზა მიღებული არ აქვთ. შესაბამისად, ისინი „იუვესთან“ ვერ ითამაშებენ.
გარდა ამისა, კორონავირუსის გამო ნეაპოლელებს მარიო რუი (ისედაც დისკვალიფიცირებული იყო), ალექს მერეტი, კევინ მალკუი, ვიქტორ ოსიმენი (ტრავმირებულიცაა) და ირვინგ ლოზანო დააკლდება, აფრიკის თასზე არიან სათამაშოდ წასუელბი კალიდუ კულიბალი, ზამბო ანგისა და ადამ უნასი, ხოლო ფაბიან რუისს ტრავმა აწუხებს. სხვათა შორის, კორონავირუსი აქვს მთავარ მწვრთნელ ლუჩანო სპალეტისაც და გუნდს თან არ ახლავს.
ამრიგად, „ნაპოლი“ „იუვენტუსს“ ძალიან შესუსტებული შემადგენლობით ეწვევა, მაგრამ პრობლემები ტურინელებსაც აქვთ, რომელთაც ლეონარდო ბონუჩი ტრავმისა და ჯორჯო კიელინი კორონავირუსის გამო დააკლდება.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ „ნაპოლის“ 5 ქულით ჩამორჩება და ამდენად, ამ მატჩის შედეგი ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.