ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ რომის „ლაციოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა მოახლოებულ შეხვედრასა და კონკრეტული ფეხბურთელების შესახებ ისაუბრა.
„სტატისტიკა აჩვენებს, რომ „იუვენტუსი“ და „ლაციო“ არიან გუნდები, რომლებმაც ბოლო 10 წელიწადში იტალიაში ტიტულები მოიგეს, გარდა, „ნაპოლისა“ და „მილანისა“, რომლებმაც ასევე მოიგეს თასები ბოლო დეკადაში. ეს კარგი გამოწვევაა, ორი ძლიერი გუნდი ხვდება ერთმანეთს, რომლებიც მეოთხე ადგილისთვის კონკურენტები არიან. სანაკრებო პაუზის შემდეგ თამაში ადვილი არაა, თუმცა, დეკემბრის ბოლომდე ძალიან მნიშვნელოვანი მატჩები გველოდება.
ევროპიდან სანაკრებო პაუზის შემდეგ ფეხბურთელები დაგვიბრუნდნენ, სამხრეთამერიკელები ჯერ არ მინახავს. ვნახოთ, ვინ იქნება ჩვენს განკარგულებაში. შემადგენლობის შესახებ ჯერ აბსოლუტურად არაფერი ვიცი.
დიბალა? ეს წინდახედულობის საკითხია. გუშინ მას არ უვარჯიშია, დღეს ეცდება, რომ ივარჯიშოს. ერთი კვირაა უკვე არ უვარჯიშია, მაგრამ აქვს თამაშის სურვილი. თუმცა, როგორც ვთქვი, წინდახედულობა უნდა გამოვიჩინოთ და გარისკვა შეიძლება არ ღირდეს. ვნახოთ.
ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მიზანი შესრულებულია და ჯგუფიდან გავედით, ამდენად, ახლა ჩემპიონატზე უნდა ვიფიქროთ. სარი? ის ტურინში იყო, მან მოიგო ბოლო სკუდეტო და დიდი სამუშაო გასწია. შედეგები ამაზე მეტყველებს. მან თქვა, რომ ამ გუნდის გაწვრთნა შეუძლებელია? ეს მას უნდა ჰკითხოთ რატომ. ჩემი აზრით, ყველა გუნდის გაწვრთნა შეიძლება. ორი წლის წინანდელთან შედარებით ბევრი რამ შეიცვალა.
კინი კარგადაა და ჩვენს განკარგულებაშია. რაბიო? დაბრუნდა ეროვნული ნაკრებიდან, სადაც კარგად ითამაშა და გოლიც გაიტანა. ხვალ ჩემპიონატის მატჩი გვაქვს, ეროვნულ ნაკრებებზე ფეხბურთელები მარტში იფიქრებენ.
მწვრთნელმა ფეხბურთელები საუკეთესო კონდიციამდე უნდა მიიყვანოს სათამაშოდ. განსხვავება ისაა, მოიგებ თუ წააგებ, ჭორაობა ნულის ტოლფასია. მაგალითად, ეროვნულ ნაკრები, რომელმაც კარგი ევროპის ჩემპიონატი ჩაატარა: ეგონათ, რომ ჯგუფიდანაც ვერ გავიდოდა, მაგრამ ევროპის ჩემპიონი გახდა, ახლა კი ერთი გაცუდებული პენალტისთვის, რაც ფეხბურთში ხდება, ერთ ფეხბურთელს ერთი კვირაა შეურაცხყოფას აყენებენ. ბალანსი გვჭირდება. ვფიქრობ, იტალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გავა – მთავარი შედეგია.
რემზი? სიტუაცია უნდა შევაფასოთ, რადგან გუშინ ვარჯიშზე ტკივილი იგრძნო და ხვალ დილით მისი მდგომარეობა შეფასდება. დე შილიო? „ატალანტასთან“ თუ არა, „სალერნიტანასთან“ გუნდს დაუბრუნდება. არტური? მე ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან კარგად მუშაობს და ყოველთვის გუნდისთვის ხელმისაწვდომია. ბერნარდესკი? წელს ის კარგად თამაშობს, იმედი მაქვს, რომ ტრავმის შემდეგ იმავე ფორმაში დაბრუნდება, როგორშიც იყო.
ხვალ კიეზას ვთხოვ, რომ გოლი გაიტანოს. იმობილეს არყოფნა? სარიმ „ნაპოლი“ ფორვარდის გარეშე თამაშზე ააგო, შესაძლოა, იგივე „ლაციოშიც“ გააკეთოს. რა განსხვავება რაბიოსა და რემზის შემთხვევაში, როცა ისინი ეროვნულ ნაკრებში თამაშობენ? რაბიომ ბოლო მატჩები პოსტკოვიდურ მდგომარეობაში ჩაატარა, მას ფორმაში დაბრუნება სჭირდება. რაც შეეხება რემზის, გუნდში გარკვეული პრობლემა ჰქონდა ტრავმასთან დაკავშირებით, მაგრამ გამოჯანმრთელდა და ნაკრებში ითამაშა“, – თქვა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ ტურინის „იუვენტუსი“ რომის „ლაციოს“ 20 ნოემბერს, სტუმრად დაუპირისპირდება და მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.