მთავარი / სიახლეები / სერია A / მასიმილიანო ალეგრის პრესკონფერენცია “რომასთან” მატჩამდე

მასიმილიანო ალეგრის პრესკონფერენცია “რომასთან” მატჩამდე

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „რომასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. ბევრი ელოდა, რომ პაულო დიბალა დაბრუნდებოდა და სათადარიგო სკამზე მაინც იქნებოდა, მაგრამ გაირკვა, რომ არგენტინელი კიდევ 7-10 დღე ვერ ითამაშებს.

„ხვალ მნიშვნელოვანი მატჩია, მომდევნო სანაკრებო პაუზამდე 7 თამაში გვექნება, რომლებშიც აუცილებელი იქნება ქულების მოპოვება, რათა ზედა პოზიციებს კიდევ უფრო არ დავცილდეთ. „რომა“ ტექნიკური და ფიზიკურად ძლიერი გუნდია, კარგად მომზადებაა საჭირო. დღეს გუნდი ივარჯიშებს და გავიგებთ რა უნდა გავაკეთოთ. შემადგენლობას ხვალ გადავწყვეტ. მორატა დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშებს, თუმცა იქნება თუ არა ხვალ, ეს არ ვიცით, ეს დამოკიდებულია რისკებზე. დიბალა ნამდვილად არ იქნება, მისი მდგომარეობა მორატაზე გაცილებით უკანაა. 7-10 დღეში ვფიქრობ, რომ გუნდთან ერთად იქნება.

რემზი? სალაპარაკო არაფერია, რემზის ხშირად ვენდობოდი, სანამ ტრავმას მიიღებდა. ხვალ არ ვიცი ძირითადში იქნება თუ არა, მაგრამ ის არის მოთამაშე, რომლისაც მეიმედება. კინი კარგადაა, როგორც სხვები. ჯერ არაფერი მაქვს გადაწყვეტილი, მორატას გარეშე არჩევანს მასზე, ან კიეზაზე, ან კაიო ჟორჟეზე გავაკეთებ, რომელსაც 90 წუთის თამაში ჯერ არ შეუძლია, მაგრამ ძალიან ფხიზელი და ჭკვიანი ბიჭია. ბერნარდესკით კმაყოფილი ვარ, რადგან კარგად მუშაობს, მაგრამ ამით კმაყოფილი არ უნდა იყოს. მან სტაბილურად უნდა ითამაშოს, რაც მენტალურ ასპექტზეა დამოკიდებული.

ხვალ კარგი მატჩი გველოდება, რომელიც საშუალებას მოგვცემს სატურნირო ცხრილში პატარა ნაბიჯი წინ გადავდგათ. რაბიოს არყოფნა? სამწუხაროა, რომ ვერ გვეხმარება, რადგან ის კარგად მუშაობდა და ვითარდებოდა. თუმცა, ახლა დაისვენებს და მომდევნო მატჩებისთვის კიდევ უფრო მზად იქნება.

ხვალ სტადიონზე მაყურებელთა 75% დაიშვება, რაც კიდევ ერთი დადებითი ფაქტორია. გულშემატკივართა მხარდაჭერით ძალიან ბედნიერი ვარ. მოურინიო? მან ბევრი ტიტული მოიგო, დიდ პატივს ვცემ. მის ხასიათშია ის, რაც მან „იუვე“ – „მანჩესტერის“ მატჩის შემდეგ გააკეთა. სხვათა შორის, ჩემი აზრით, ხარისხობრივად ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო თამაში, რომელიც ჩემმა „იუვემ“ ჩემპიონთა ლიგაზე ჩაატარა, მაგრამ წავაგეთ და თამაშის ხარისხი უკვე აღარავის ახსოვს. მოურინიოსთან დაპირისპირება გამოწვევაა, კმაყოფილი ვარ, რომ ისევ ვნახავ. ის დამატებითი ღირებულებაა არა მარტო „რომასთვის“, არამედ მთლიანად იტალიის ჩემპიონატისთვის.

დე ლიხტმა ნაკრებში დაისვენა და შეიძლება ხვალ ითამაშოს, მაგრამ ბონუჩი, კიელინი და რუგანიც კარგად არიან. მაკკენის პოზიცია? დაცვის წინ ცენტრში მისი ადგილი არ არის, უფრო წინ, მას შეუძლია გოლების გატანა. „ტორინოსთან“ კარგად ითამაშა, მას ვენდობი, წინააღმდეგ შემთხვევაში არ ვათამაშებდი. ხვალ არ ვიცი, ძირითადში იქნება თუ შეცვლაზე ითამაშებს.

მატჩის გადადება როგორც სხვა ჩემპიონატებში მოხდა სამხრეთამერიკელების გამო? ამას მე არ ვწყვეტ და რასაც ჩემპიონატის ხელმძღვანელობა გვეუბნება, იმას ვაკეთებთ. არსებობს კომპეტენტური ორგანი, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს. მდგომარეობა კი საგანგაშოა და სანაკრებო კალენდარი უნდა შეიცვალოს“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „რომას“ მატჩი 17 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

სარი: “არასდროს მითქვამს, რომ “იუვეს” ამ შემადგენლობის გაწვრთნა შეუძლებელია”

რომის „ლაციოს“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „იუვენტუსთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, არასდროს …

მასიმილიანო ალეგრის პრესკონფერენცია “ლაციოსთან” მატჩამდე

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ რომის „ლაციოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა მოახლოებულ …