ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა მანუელ ლოკატელიმ „ვილიარეალთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. როგორც იტალიელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, ეს იქნება ძალიან კარგი მატჩი და ყველა ფეხბურთელი გრძნობს პასუხისმგებლობას, რომელიც ხვალინდელ შეხვედრას ახლავს.
„რა თქმა უნდა, ერთ-ერთი გადამწყვეტი სწორი დამოკიდებულება იქნება, მოედანზე მშივრები უნდა გავიდეთ, რათა გამარჯვება მოვიპოვოთ. იმ პოზიციაზე, რომელზეც ბოლო მატჩები ჩავატარე, თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ, სივრცეებში შეტევას უკეთ ვახერხებ. ფიზიკურადაც კარგად ვარ და ეს მნიშვნელოვანია. ასე უნდა გავაგრძელოთ, მწვრთნელი ყოველთვის მაქსიმუმს გვთხოვს. ახლა უკეთ ვუგებთ მოედანზე ერთმანეთს და ეს დამატებითი ღირებულებაა. თუმცა, ჯერ არაფრისთვის მიგვიღწევია.
გაოცებული ვარ იმ მენტალიტეტით, რომელიც კლუბში პირველივე დღიდან დამხვდა. ამასთან ან ადაპტირდები, ან ვერ მოერგები. ვფიქრობ, რომ ეს დიდებულია. ჯერ კიდევ ბევრი მაქვს მოსამატებელი, აუცილებლად, უფრო მეტი გოლი უნდა გავიტანო. გვყავს მწვრთნელი, რომელიც ამას გვასწავლის და ყველამ უნდა მოვუმატოთ, ამის პოტენციალი გვაქვს.
„ვილიარეალი“ კარგად თამაშობს, თანაც დიდი ხანია. შესანიშნავი მატჩი იქნება. ორივე ფაზაში ფრთხილად უნდა ვითამაშოთ, მეტოქეს სივრცეები არ უნდა დავუტოვოთ. ჩემპიონთა ლიგის ჰიმნის მოსმენა სულ სხვაა, ეს საოცარია. ძლიერი მენტალიტეტი გვაქვს, „იუვე“ ვართ და ყველა მატჩის მოგებაზე უნდა ვიფიქროთ.
„ვილიარეალთან“ ჩვენი პირველი მატჩი კიდევ ვნახეთ. ახლა ჩვენს გვერდში იქნება სტადიონი და კარგად უნდა ვითამაშოთ. პირველი მატჩიდან გავიგეთ, რომ ისინი ძლიერები არიან და თუ შეცდომას დავუშვებთ, ამით ისარგებლებენ. ვფიქრობ, ძალიან კარგი თამაში იქნება.
არტური კარგი ბიჭია, ერთმანეთს კარგად ვუგებთ. მის წინააღმდეგ ვითამაშე, როცა „მილანში“ ვიყავი და შთაბეჭდილება მაშინაც მოახდინა. ის კარგი ფეხბურთელია, რომელსაც დიდ პატივს ვცემ.
ხვალინდელი მატჩის პასუხისმგებლობას ყველა ვგრძნობთ, მითუმეტეს, როცა ამ დონეზე თამაშობ. გულშემატკივრები ჩვენს სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ, ეს დადებითი ასპექტია. ჭკვიანურად და თამამად უნდა ვითამაშოთ“, – თქვა ლოკატელიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ვილიარეალის“ მატჩი 16 მარტს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება. პირველი თამაში ესპანეთში ფრედ, 1:1 დასრულდა.