ტურინის „იუვენტუსისა“ და „ინტერის“ მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარი ჩხუბისთვის ორივე გუნდის ფეხბურთელები დასაჯეს.
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ხუან კუარდადო 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა, ხოლო „ინტერის“ ფეხბურთელებს, სამირ ჰანდანოვიჩსა და რომელუ ლუკაკუს მხოლოდ 1-მატჩიანი დისკვალიფიკაციები გამოუწერა.
გარდა ამისა, 1 მატჩით დაიხურება „იუვენტუსის“ სტადიონზე „კურვა სუდის“ ტრიბუნა. ეს არის ადგილი, სადაც ტურინელთა ყველაზე მხურვალე ტიფოზები იყრიან თავს. ცნობილია ისიც, რომ „კურვა სუდის“ წარმომადგენლები 23 აპრილს, „ნაპოლისთან“ მატჩს ვერ დაესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ იტალიის თასის ნახევარფინალში „იუვე“ – „ინტერის“ მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. მატჩის ბოლოს კი, რომელუ ლუკაკუმ ტურინელი ფანების წინაშე გოლი გამოწვევად აღნიშნა, რის შედეგადაც მას რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს. ყველაფერი ჩხუბში გადაიზარდა, რაც ლუკაკუს გარდა, კუადრადოს და ჰანდანოვიჩის გაძევებით დასრულდა.