ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ფილიპ კოსტიჩმა „ფრაიბურგთან“ ევროპა ლიგის მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც სერბმა ფეხბურთელმა აღნიშნა, ამ ტურნირს და მეტოქესაც კარგად იცნობს. კოსტიჩი რთულ თამაშს ელოდება, მაგრამ თქვა, რომ „იუვეს“ მიზანი ევროპა ლიგის მოგებაა.
„ფრაიბურგის“ წინააღმდეგ ბუნდესლიგაში ბევრჯერ მითამაშია. ძალიან მკაცრი გუნდია, კომპაქტური და სოლიდური. ყველა სათამაშო სიტუაცია უნდა ვაკონტროლოთ, რადგან ისინი ყველა სიტუაციას კარგად ერგებიან. ევროპა ლიგის მოგება ჩვენი მთავარი მიზანია, გვინდა, რაც შეიძლება შორს წავიდეთ. ამ მიზნისთვის ბრძოლა ხვალინდელი მატჩიდან უნდა დავიწყოთ და ნაბიჯ-ნაბიჯ ვიაროთ.
გასული სეზონიდან ამ ტურნირს ვიცნობ, ის უკვე მოვიგე. „იუვენტუსში“ ყველაფერი განსხვავებულია, ჩვენ სხვა მიზნები გვაქვს, ევროპა ლიგის მოგება მაინც გვინდა. გერმანიასა და იტალიას შორის განსხვავება? „იუვეში“ განსხვავებულია, ეს სხვა ჩემპიონატია, ჩვენი სათამაშო სტილი გვაქვს, ყოველთვის იმას ვაკეთებ, რასაც მწვრთნელი მთხოვს. ყველა საჭიროებას ვეგუები, ეს ჩემი საქმეა, მინდა, ყოველ კვირაში 100%-ით დავიხარჯო. არ მქონია რთული მომენტები იტალიაში გადმოსვლის შემდეგ. თავიდანვე კარგად შევეგუე აქაურობას, ყველა თანაგუნდელი და კლუბის ხელმძღვანელობა დამეხმარა. განსაკუთრებული სირთულეები არ დამხვდა.
როდესაც მწვრთნელი რაღაცას ამბობს, ის ყოველთვის უნდა შევასრულო, ეს არის ჩემი დამოკიდებულება. შესაძლოა, დაცვაში უკეთ ვთამაშობ, ვიდრე ადრე, რა თქმა უნდა, ყოველთვის შემიძლია გაუმჯობესება, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგადაა.
ვლაჰოვიჩი? დუშანს ძალიან კარგად ვიცნობ, დიდი ხანია. მასთან ერთად ვარ ყოველდღე, ბევრჯერ ვილაპარაკეთ. მიხარია, როდესაც დუშანს მშიერს ვხედავ, ის დიდი პროფესიონალია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა, მას მხოლოდ გოლების გატანა სჭირდება გასახსნელად, თავდაჯერების აღსადგენად. იმედია, ხვალ გოლს გაიტანს.
ქულების დაკლება? ჩვენ ყოველთვის გვინდა ჩემპიონთა ლიგაზე თამაში. მოედანს მიღმა რაც ხდება, ჩვენი საზრუნავი არ არის, პრიორიტეტი თამაშია. „იუვე“ ძალიან ხარისხიანი გუნდია, საშუალოზე მაღალი კლასის ფეხბურთელები გვყავს, კომპაქტურები და სოლიდურები ვართ. გუნდში დიდი ერთიანობაა, ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებდით.
მიხარია, რომ „ფრაიბურგთან“ ისევ ვითამაშებ, ადრეც არაერთხელ ვითამაშე. კარგი გუნდია, შესანიშნავი მწვრთნელით. რთულია მის წინააღმდეგ თამაში, მაგრამ ჩვენი ხარისხი გვაქვს და იმედია ზრდას გავაგრძელებთ. ყველა თამაში მნიშვნელოვანია, მე ყოველთვის ფეხბურთზე ვფიქრობ. კარგი იქნება თუ ხვალ გოლს გავიტან“, – თქვა კოსტიჩმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ფრაიბურგის“ მატჩი 9 მარტს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.