ფლორენციის „ფიორენტინას“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა პანტალეო კორვინომ, რომელიც ამჟამად „ლეჩეში“ მუშაობს და თავის დროზე, ფლორენციაში დუშან ვლაჰოვიჩი მიიყვანა, სერბისა და ფედერიკო კიეზას შესახებ ისაუბრა.
გამოცდილი მენეჯერი დარწმუნებულია, რომ კიეზა-ვლაჰოვიჩის დუეტი დიდებული იქნება და მათი შეჩერება ნებისმიერს გაუჭირდება.
„დუშანი ჯერ მხოლოდ 22 წლისაა. „იუვემ“ ამ პირობებში იანვრის სატრანსფერო პერიოდში დიდი გარიგება გააკეთა. „იუვე“ მრავალი წლის განმავლობაში ისიამოვნებს მისი თამაშით და ნახავთ, როგორი წყვილი იქნება კიეზა-ვლაჰოვიჩი. ისეთი, რომ შეიძლება მთელ მსოფლიოს შეშურდეს.
დიდებული დუეტი იქნება, რადგან ვლაჰოვიჩსა და კიეზას განსხვავებული თვისებები აქვთ და ერთმანეთს ავსებენ. ფედერიკო წარმომიდგენია ფლანგზე ან დუშანის უკან. მათი შეჩერება ადვილი არავისთვის იქნება. უფრო მეტიც, ადამიანურ დონეზე მათ შორის გრძნობა ძალიან ძლიერია“, – თქვა კორვინომ.