„იუვენტუსის“, „ინტერისა“ და იტალიის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ Gazzetta Dello Sport-თან ევროპის ჩემპიონატის ფინალის შესახებ ისაუბრა. ანტონიო იტალიის ნაკრებზე ისაუბრა და მას სჯერა, რომ რობერტო მანჩინის გუნდს მეტოქის დამარცხება მისსავე მოედანზე შეუძლია.
„იტალია ფინალში დამსახურებულადაა და დაამტკიცა, რომ ნებისმიერ მეტოქეზე დაბალანსებული და სრულყოფილია. იტალიას ინგლისის არ უნდა შეეშინდეს, რადგან უფრო სრულყოფილი გუნდია. დავინახეთ, რომ შეგვიძლია სხვადასხვა მდგომარეობასთან გამკლავება, ბურთის ფლობის დროსაც და უბურთოდაც. გუნდი ცდილობს შეინარჩუნოს თამაშის იდეა, თვითმყოფადობა და სტილი, მაგრამ ამავდროულად ერგება მეტოქეების ფიზიკურ, ტექნიკურ და ტაქტიკურ მახასიათებლებს. იტალია ამ ჩემპიონატზე ზოგჯერ დომინანტი იყო, ზოგჯერ კი გამძლეობა, თავგანწირვა, ინდივიდუალური და გუნდური თვისებები გამოაჩინა.
ყველა სხვა მოთამაშეებისადმი პატივისცემის მიუხედავად, იტალიის ძალა წარმოდგენილია სამ ფეხბურთელში: დონარუმა-ბონუჩი-კიელინი. ისინი მთელ გუნდს უსაფრთხოებას გადასცემენ. დონარუმა ჩემთვის მსოფლიოს სამ მეკარეს შორის ერთ-ერთია. კარის ხაზზე ძლიერია, გამოსვლებზე თამამი და ფეხითაც თამაშობს. ბონუჩისა და კიელინის შესახებ რა უნდა ვთქვა? ათასი ბრძოლის მიუხედავად, სისხლის სუნი ისევ ასდით. გამარჯვებული მენტალიტეტი, ხასიათი და ძალა აქვთ. მომენტების მართვაში საუკეთესოები არიან.
მანჩინის დიდი დამსახურებაა, რომ გუნდმა ის კონცეფცია მიიღო, რაც აქვს. ჩვენმა მწვრთნელმა ამით უნდა იამაყოს. მატჩის მოგება ან წაგება შესაძლებელია ეპიზოდებით, მაგრამ ვინც ფეხბურთს სწავლობს, იციან, თუ რა შრომა დგას ამის უკან. უნდა არსებობდეს მიზეზი იმისა, რომ დიდ ტურნირებზე ჩვენ ხშირად ბოლომდე მივდივართ. ამას ამბობს ჩვენი ისტორია.
ესპანეთთან იტალიამ დამსახურებულად მოიგო, ისინი ბურთს ფლობდნენ, მაგრამ საგოლე მომენტებით აშკარა უპირატესობა არ ჰქონია, დანარჩენი კი ყველაფერი სტერილური ხდება. ბურთის შენარჩუნება შეგიძლია მანამ, სანამ გინდა, მაგრამ თუ მომენტს არ ქმნი, კარში არ ურტყამ ან არ გაიტან, ვერც მოიგებ.
ინგლისი მთელი ცხოვრება ელოდა ამ მატჩს. მათ არასდროს მოუგიათ ევროპის ჩემპიონატი და ბოლოს 1966 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგეს, ეს ერთადერთი ტრიუმფია. „უემბლის“ დახმარება შეიძლება დიდი სტიმული იყოს, მაგრამ ამავე დროს წნეხიც იზრდება. ტრიბუნებზე მათ ჩვენზე მეტი გულშემატკივარი ეყოლებათ, მაგრამ მოედანზე ჩვენ უფრო მეტი გამოცდილება გვაქვს. ჩვენ ვიცით რას ნიშნავს ფინალის თამაში და ასევე ვიცით როგორ უნდა გაიმარჯვო ფინალში“, – თქვა კონტემ.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები ევრო 2020-ის ფინალში 11 ივლისს, ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდება.