მთავარი / სიახლეები / კიელინი: “მსოფლიოს ჩემპიონატზე რომ გავსულიყავით, “იუვედანაც” არ წავიდოდი”

კიელინი: “მსოფლიოს ჩემპიონატზე რომ გავსულიყავით, “იუვედანაც” არ წავიდოდი”

ტურინის „იუვენტუსისა“ და იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა ჯორჯო კიელინიმ იტალიური მედიას ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელიც მთლიანად მის სანაკრებო კარიერას დაეთმო.

როგორც მან აღნიშნა, იტალია მსოფლიოს ჩემპიონატზე რომ გასულიყო, „იუვენტუსიდან“ არ წავიდოდა.

„დიახ, მსოფლიოს ჩემპიონატზე რომ გავსულიყავით, „იუვენტუსშიც“ დავრჩებოდი და იტალიის ნაკრებშიც. მინდოდა მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩემი ისტორია შემეცვალა, რომელიც არასოდეს ყოფილა ბედნიერი. ძალიან ვეცადე, მაგრამ ვერ შევძელი. 2010 წელს ძალიან სუსტ ჯგუფში ჩავრჩით, 2014 წელს მშვენივრად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ ცხოვრება გავირთულეთ, რადგან მაშინ ძალიან უცნაურ პირობებში ვითამაშეთ, გიჟური მოგზაურობებით, განრიგით და სიცხეებით. 2018 წელს ვერც კი გავედით ფინალურ ეტაპზე და ძალიან მადარდებდა ეს. რუსეთის მსოფლიოს ჩემპიონატზე რომ გავსულიყავით, ამის შემდეგ ალბათ ნაკრებიდან წავიდოდი, მაგრამ ალბათ ეს შეცდომა იქნებოდა, რადგან ნაკრებში საუკეთესო წლები მანჩინის ხელმძღვანელობით მქონდა და ევროპის ჩემპიონიც გავხდი.

რას ნიშნავს ნაკრები ჩემთვის? ეს არის ყველა ბავშვის მისწრაფება. ერთადერთია, რაც მთელ ქვეყანას აერთიანებს, ამიტომ აქვს ემოციური ღირებულება, რომელიც სცილდება კლუბს. გამიმართლა, რომ ყველა ასაკობრივ ნაკრებში ვითამაშე, 15-წლამდე და ზემოთ. კოვერჩანოში 1999 წლიდან ვცხოვრობდი და დიდი სიამაყით ვატარებდი ყველა ლურჯ მაისურს. 2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე რომ ვერ გავედით, იმდენად იმედგაცრუებული ვიყავი, რომ ნაკრებიდან წასვლას ვაპირებდი, გაბრიელე ორიალიმ გადამაფიქრებინა. 17-წლამდე ნაკრებში ვითამაშე ტორესის და ინიესტას ესპანეთის წინააღმდეგ, ვერ წარმოვიდგენდი, რომ მათ 20-წლიანი კარიერის განმავლობაში უამრავჯერ შეხვდებოდი. ჩემი ისტორიული მეტოქეობა არა ფეხბურთელს, არამედ გუნდებს უკავშირდება. „ბარსელონას“ და „რეალის“ ფეხბურთელებთან ყველაზე მეტად მიჭირდა, ხშირად ვმარცხდებოდი, მაგრამ ასევე მოვიგე მატჩები, რომლებიც ისტორიაში დარჩა.

პირველი მწვრთნელები? 15-წლამდე ნაკრებში ჯერ როზარიო რამპანტიმ გამომიძახა, შემდეგ პაოლო ბერეტინიმ. ორი მწვრთნელი, რომლებთანაც ურთიერთობა დღესაც მაქვს. „ლივორნოში“ ვთამაშობდი, არ ვიყავი შესახედად ყველაზე ლამაზი, არ ვიყავი ტექნიკურად კარგი, მაგრამ მათ რაღაც განსხვავებული დაინახეს ჩემში, რამაც საშუალება მომცა ასეთი კარიერა მქონოდა. გარდა ამისა, მოვიგე 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატი. ჩვენ ერთადერთი 19-წლამდე ნაკრები ვიყავით იტალიის ისტორიაში, რომელმაც ტიტული მოიგო. იმ წლებში შევხვდი ისეთ ადამიანებს, რომლებმაც ბევრი მასწავლეს. ეს ძვირფასი გაკვეთილები იყო.

ლიპიმ ეროვნულ ნაკრებში 2004 წელს გამომიძახა. იმ წელს მომიწია ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის გამოტოვება, რადგან „ლივორნოში“ სერია B-ს პლეი-ოფი მქონდა. მთელი წლის განმავლობაში ახალგაზრდული ნაკრების წევრი ვიყავი, მაგრამ ფედერაციამ და კლუბმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ჩემთვის ეს სამწუხაროა, რადგან შემეძლო მაშინდელი ევროპის 21-წლამდე ჩემპიონის ტიტული მეც მომეგო. ათენის ოლიმპიადაზე თავს თითქმის ტურისტად ვგრძნობდი, რადგან ვვარჯიშობდი და ვუყურებდი ხალხის თამაშს, რომლებიც იმ პერიოდში ჩემთან შედარებით სხვა კატეგორიას წარმოადგენდნენ. იმ გუნდში იყვნენ პირლო, ფერარი და პელიცოლი, მე კი ჯერ სერია A-ში ერთხელაც არ მქონდა ნათამაშები. საინტერესო 1 თვე იყო, 6 თამაშში მხოლოდ 6 წუთი ვითამაშე, მაგრამ ამან მომდევნო სეზონისთვის დიდი ენერგია მომცა. შემდეგ დადგა ეროვნულ ნაკრებში დებიუტის დღე: 2004 წლის 17 ნოემბერი. იმ დღეს ჩემი მეუღლე 17 წლის გახდა, ამიტომ, ეს დღე უიღბლო ვერ იქნებოდა. ფინეთთან პირველი ტაიმის შემდეგ მოედანზე პარიზის ნაცვლად შევედი, მოუმწიფებელი ვიყავი, ბევრ შეცდომას ვუშვებდი, მაგრამ ძალიან მონდომებული ვიყავი. 2005 წლის მარტში პირველად ვითამაშე ძირითად შემადგენლობაში ოფიციალურ მატჩში შოტლანდიის წინააღმდეგ, ცუდი არ იყო ბიჭისთვის, რომელიც ჯერ მხოლოდ 20 წლის იყო. სერია A-ში პირველი სეზონის შემდეგ ნაკრებში 5 თამაში მქონდა ჩატარებული. დიდი ბედნიერება იყო, ლიპი პირველი მწვრთნელი იყო, ვინც ეროვნულ ნაკრებში გამომიძახა, ის ტაქტიკით გატაცებული არ იყო, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთს გვათამაშებდა.

2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს განაცხადს მიღმა დარჩენა? „იუვე“ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი გამართლება იყო, მაგრამ იმ სეზონში „ფიორენტინაში“ რომ დავრჩენილიყავი, უფრო ადვილი იქნებოდა ნაკრებში მოხვედრა, რადგან კლუბში უფრო მეტი სათამაშო დრო მექნებოდა. შეიძლება, „იუვეში“ გადასვლა ერთი წლით რომ გადამედო, ნაკრებში მუნდიალისთვის მოვხვედრილიყავი, მაგრამ შესაძლოა მზადაც არ ვიყავი. თუმცა, მე სიამოვნებას ვიღებდი, როგორც ამ გუნდის ოჯახის წევრი და გულშემატკივარი. გერმანიასთან ნახევარფინალის შემდეგ ჩემს აგენტს, მარჩელო ლიპის შვილ დავიდე ლიპის დავურეკე და ვუთხარი: „ფინალში ბერლინში უნდა ვიყო“. იმ სეზონში „იუვეში“ ბუფონის, კანავაროს, დელ პიეროს, კამორანეზის და ძამბროტას თანაგუნდელი ვიყავი, გუნდში ბევრი ჩემი მეგობარი იყო. ვიდეოში, რომელიც ფინალში ჩანს და ტრიბუნებზე ვარ, ხელში ფაბიო კანავაროს შვილი, მარტინა მიჭირავს. სიხარულით ვტიროდი და ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ 15 წლის შემდეგ ათასჯერ უფრო ძლიერ ემოციას განვიცდიდი და კაპიტნის რანგში ტიტულს მე აღვმართავდი“, – თქვა კიელინიმ.

შეგახსენებთ, რომ ჯორჯო კიელინიმ იტალიის ნაკრებში 2004-2002 წლებში იტალიის ნაკრებში 117 მატჩში 8 გოლი გაიტანა.

შემთხვევითი სიახლე

როველა გვარდიოლას მოსწონს – ვითარება “იუვეს” ნახევარდაცვაში და პერსპექტივები

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ნიკოლო როველა მიმდინარე სეზონს იჯარით „მონცაში“ ატარებს, თუმცა, ის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული …

“იუვენტუსი” 6 დეკემბერს შეიკრიბება, ორი ამხანგური მატჩიც დაიგეგმა

ტურინის „იუვენტუსი“ მსოფლიოს ჩემპიონატით გამოწვეულ თვესა და 3 კვირას გამოიყენებს და შეკრებას გაივლის, რომლის ფარგლებში …