იტალიის ნაკრებისა და „იუვენტუსის“ ყოფილი კაპიტანი ჯორჯო კიელინი ლოს ანჯელესში ჩავიდა, სადაც ახალ კლუბთან კონტრაქტს ხელი მოაწერა და მისი პრეზენტაცია შედგა.
კიელინი ამერიკულ კლუბში 14-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. როგორც მან აღნიშნა, „ლოს ანჯელესში“ MLS-ს ჩემპიონობა სურს.
„ბედნიერი და აღელვებული ვარ აქ ყოფნით. ჩემს ცხოვრებაში ნამდვილად ახალი ეტაპია. აქ გადმოსვლა გადავწყვიტე, რადგან MLS-ს ყოველთვის თვალს ვადევნებდი. ამ სეზონში „ლოს ანჯელესის“ არცერთი მატჩი გამომიტოვებია და ვფიქრობ, ჩემი გამოცდილებით დავეხმარები. მოუთმენლად ველოდები მოედანზე გასვლას. ეს არ არის ჩემი კარიერის დასასრული, უბრალოდ ფრჩხილებია.
„იუვენტუსი“ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კლუბია და ყველა ჩემი წარმატების საფუძველი. ვფიქრობდი, კარიერის დასრულებაზეც, მაგრამ კლუბთან საუბრის მერე მივხვდი, რომ შემეძლო აქ წამოსვლა, გამაოგნა „ლოს ანჯელესის“ სტრუქტურამ. გუნდში ბევრი ახალგაზრდაა და შემიძლია მათ რაღაცები ვასწავლო. დავეხმარო გუნდს ენთუზიაზმით და გამოცდილებით. დელ პიეროსთან თავიდან არ მილაპარაკია, მხოლოდ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ვესაუბრე. „იუვე“ იმიტომ დავტოვე, რომ მივხვდი, კლუბისთვის მაქსიმუმის გაღებას ვეღარ შევძლებდი.
თავდამსხმელები ყიდიან მატჩის ბილეთებს, მაგრამ მცველები იგებენ ჩემპიონატს. მეც აქ ამიტომ ვარ, მინდა, რომ გუნდს ჩემპიონობაში დავეხმარო. ეს ჩემი და კლუბის მიზანია“, – თქვა კიელინიმ.
შეგახსენებთ, ჯორჯო კიელინიმ „ლოს ანჯელესთან“ კონტრაქტი 2023 წლის დეკემბრამდე გააფორმა. აქვე გეტყვით, რომ იტალიელმა მცველმა “იუვენტუსში” 2005-2022 წლებში 561 მატჩში 36 გოლი გაიტანა.