ტელეკომპანია DAZN-მა ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტნის, ჯორჯო კიელინის ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომლის რამდენიმე ეპიზოდი, რამდენიმე დღის წინ ანონსის სახით გაავრცელა. ახლა კი, ის სრული სახით გავრცელდა.
ჯორჯომ ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის, თქვა, რომ მძიმე ტრავმის გამო კარიერის დასრულებაზე ფიქრობდა, როცა 2019 წელს დაშავდა.
ტრავმაზე – ტრავმის შემდეგ მძიმე პერიოდი მქონდა. დავბრუნდი 6 თვის მერე, მალევე კოვიდპანდემია დაიწყო, ამიტომ, თითქმის ერთი წელი ვცდილობდი სტაბილურობის შენარჩუნებას. კარიერის დასრულებაზეც დავფიქრდი, მაგრამ წინ ევროპის ჩემპიონატი იყო და იქ თამაში ნებისმიერ ფასად მსურდა.
დიბალაზე – მას ყველა კარტი ხელში აქვს. რონალდუს წასვლით შეუძლება მას სივრცე გაუთავისუფლდეს მისი ტექნიკური და ინდივიდუალური თვისებებისთვის, რაც საშუალებას მისცემს გუნდს ულიდეროს.
დე ლიხტის შესახებ – ის ძალიან ძლიერია. იტალიელი რომ იყოს, მისი შენარჩუნება დიდი ხნით უფრო ადვილი იქნებოდა. იმედი მაქვს, რომ მინო რაიოლა მოგვცესმ საშუალებას, რომ ჩვენთან დიდი ხნით დარჩეს, კიდევ რამდენიმე წელი ტურინში. მას ყველაფერი აქვს, განსხვავება კი გონებაშია: ის 22 წლისაა და 30 წლის ადამიანის მენტალიტეტი აქვს, საკუთარ თავს ყოველდღიურად მიზნად გამარჯვებას უსახავს.
ალეგრის დაბრუნებაზე – ის და კონტე ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი მწვრთნელები არიან, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავდებიან, სამაგიეროდ, ორივე წარმატებულია. მათგან ვისწავლე დაბრკლოლების გადალახვა მუშაობით და გამოწვევებთაბ მსუბუქად გამკლავება. ალეგრი არის სტაბილურობის გარანტია და მან იცის, რას ნიშნავს „იუვენტუსში“ ყოფნა.
ევრო 2020-ის ემოციები – წარმოუდგენელი ემოციები იყო და ყოველთვის ვიხსენებთ, როცა სურათებს ვათვალიერებთ ან კოვერჩანოში ვიკრიბებით. გამარჯვებით ტკბობა სწორია, მაგრამ საჭიროა მაშინვე ახალი მიზნების დასახვა და ახლა ჩვენ გვინდა მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიმარჯვოთ. თუმცა, ემოციები რჩება და ერთმანეთს ყოველთვის გვაკავშირებს. ვფიქრობ ლოკატელისთან ჩახუტებაზე პენალტების სერიის დროს, ეს არის დაუვიწყარი მომენტი, რომელსაც 20 წლის მერე შვილიშვილებს მოვუყვებით.
რობერტო მანჩინი და ჯანლუკა ვიალი – ის იყო წარმატების არქიტექტორი, ყოველთვის თავდაჯერებას და სიმშვიდეს გვანიჭებდა. სამი წლის წინ რობერტო გიჟი ეგონათ, როცა ევროპის ჩემპიონატის მოგებაზე საუბრობდა, სამაგიეროდ კი ჩვენ ყოველთვის რწმენას გადმოგვცემდა. ვიალი? ტემპერამენტით განსხვავდებიან, მაგრამ ერთმანეთთან ძალიან ძლიერი კავშირი აქვთ. მათი ჩახუტება ავსტრიასთან მატჩის შემდეგ ახლაც იწვევს ჩემში დიდ ემოციას.
დონარუმას სტვენა სან სიროზე – თითოეული ფეხბურთელი აკეთებს არჩევანს და ეს პატივისცემას იმსახურებს, ისევე, როგორც გულშემატკივრების აზრს პატივი უნდა ვცეთ. მაგრამ, ვფიქრობ, რომ ეს არ იყო შესაბამისი შესაძლებლობა და ის თამაში, რომ მისთვის დაესტვინათ.
დონარუმას პარალელი ბუფონთან – ჯიჯო განსაკუთრებულია, ის სხვებისგან განსხვავებულია, როგორც ბუფონი იყო განსხვავებული თავისი თაობის მეკარეებისგან. დრო გვიჩვენებს შეძლებს თუ არა იმ დონეს მიაღწიოს, რასაც ჯიჯიმ მიაღწია, მაგრამ აშკარაა, რომ დონარუმა არანორმალური მეკარეა, მისი შესაძლებლობები რაღაც ჩვეულებრიობას ცდება.
რონალდუსთან ერთად თამაში „იუვენტუსში“ – ჩემთვის პატივი იყო, რომ მასთან ერთად სამი წელი ვითამაშე. ის უცხოპლანეტელია, ისტორიაში დარჩება, როგორც მარადონა და პელე. „იუვეს“ მთელ სამყაროს მან უზარმაზარი სტიმული მისცა.
რონალდუს წასვლაზე – ვგრძნობდი, რომ შეიძლებოდა ზაფხულში წასულიყო, რადგან ჩემი აზრით, ჩვენ ურთიერთობის იმ დონეზე მივედით, როდესაც კრიშტიანუს ახალი სტიმული და გუნდი სჭირდებოდა, რომელიც მისთვის ითამაშებდა, რადგან, როცა ის ასეთ გუნდშია, ყოველთვის გადამწყვეტ როლს თამაშობს. ამას ამტკიცებდა თავისი კარიერის განმავლობაში, ჩვენთან ყოფნის სამწლიან პერიოდში და ახლაც ამტკიცებს. იუვენტუსში გაახალგაზრდავების პროცესი მიმდინარეობს. ცხადია, რონალდო რომ დარჩენილიყო, ჩვენთვის დამატებითი ღირებულება იქნებოდა და სიამოვნებით გამოვიყენებდით მას, მაგრამ ასე გუნდი უფრო ორიენტირებული იქნებოდა აწმყოზე და არა მომავალზე. ის 28 აგვისტოს წავიდა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის უკეთესი იქნებოდა ადრე რომ წასულიყო. ასე უკეთ მოვემზადებოდით და ამის გამო გარკვეული საფასურის გადახდაც მოგვიწია, თუნდაც სეზონის სტარტზე დაკარგული ქულები, ამიტომ, ბოლოს წასვლა ცოტა შოკისმომგვრელი იყო. 1 აგვისტოს რომ წასულიყო, გვექნებოდა დრო სიტუაციასთან უკეთ მოსამზადებლად და ჩემპიონატის სტარტს უფრო მზად შევხვდებოდით.
იბრაჰიმოვიჩთან დუელები – გამიმართლა, რომ ის ჩემი თანაგუნდელი იყო და მაშინაც შეუჩერებელი იყო. შემდეგ მრავალი წლის განმავლობაში მის წინააღმდეგ ვთამაშობ, მიყვარს, მძულს და ვიბრძვი მასთან თამაშის დროს.
ბონუჩის „მილანში“ ტრანსფერზე – როდესაც მითხრა, რომ „იუვეს“ ტოვებდა, ძალიან, ძალიან ცუდად გავხდი. მას ბევრი მესიჯი მივწერე, რადგან ვარ ადამიანი, რომელსაც უყვარს ურთიერთობების შენარჩუნება. მან ეს ამბავი დილით მითხრა, პრესეზონის პირველი დღეები იყო და საღამოს ძალიან გრძელი მესიჯი მივწერე. ცხოვრებაში არჩევანი ცხადია, უნდა მივიღოთ, მაგრამ ერთი თვით ადრე შვებულებაში მარტო რომ არ ყოფილიყო და როგორც სხვა წლებში, ერთად ვყოფილიყავით შვებულებაში, ჩემი აზრით, ის „მილანში“ არ წავიდოდა, დარწმუნებული ვარ. ვაიძულებდი, რომ აზრი შეეცვალა, გავაგებინებდი, რომ შეცდომას უშვებდა, მიუხედავად იმისა, რომ იმ „მილანს“ დიდ პატივს ვცემდი, ეს არ იყო მადრიდის „რეალი“ და არც დღევანდელი „მილანი“. მან ნაბიჯი უკან გადადგა და შეცდომა რომ დაუშვა, მალევე მიხვდა. თუმცა, რა თქმა უნდა, ლეოს შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილებას მერ ვერ მივიღებდი, ჩემს ოჯახშიც არაფერს ვწყვეტ.