ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ „იუვენტუსის“ შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მასიმილიანო ალეგრი მიმართულების გარეშე მუშაობს. კაპელოს თქმით, „იუვენტუსსა“ და „ბენფიკას“ შორის უზარმაზარი სხვაობა იყო – პორტუგალიელთა სასარგებლოდ.
„რთული მატჩი იყო, „იუვენტუსმა“ საერთოდ ვერ მოახერხა მისი კონტროლი და მშვენიერი 20 წუთის შემდეგ მეტოქის მსგავსი რიტმი არ გააჩნდა. ხარისხსა და ინტენსივობაში უზარმაზარი განსხვავება დავინახეთ, ეს რთული მომენტია „ბიანკონერისთვის“.
გუნდმა დასაწყისში ამ სეზონში საუკეთესო ფეხბურთი ითამაშა, შემდეგ პირველივე სირთულის შემდეგ გაითიშა. ისინი საშინელ კონტრშეტევებს იღებდნენ, მოედანზე ბალანსი არ იყო. „ბენფიკას“ მოთამაშეებს ჰქონდათ სურვილი, ძალა და სიჩქარე, „იუვეს“ ეს აკლდა. ალეგრი? ადრე მას სხვა გუნდი ჰყავდა, ახლა კი ვერ პოულობს პრობლემის გადაჭრის გასაღებს და სწორ მიმართულებას“, – თქვა კაპელომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგაზე ორ ტურში ქულა არ მოუპოვებია და ისტორიაში პირველად წააგო ჯგუფურ ეტაპზე საწყისი ორივე მატჩი. სეზონში ჩატარებული 8 მატჩიდან კი „ბებერმა ქალბატონმა“ მხოლოდ ორი მოიგო, რაც კატასტროფული შედეგია.