ტურინის „იუვენტუსი“ ევროპა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა „ფრაიბურგთან“ შინ მოპოვებული ერთბურთიანი უპირატესობა არათუ შეინარჩუნა, არამედ გაზარდა და მეტოქეს, რომელსაც შინ აგვისტოს შემდეგ არ ჰქონდა წაგებული 2:0 აჯობა.
ტურინელებმა 28-ე წუთზე გაიტანეს, მაგრამ დუშან ვლაჰოვიჩის გოლი ვიდეორეფერიმ თამაშგარის გამო არ ჩაითვალა. მერე მოიზე კინმა მეკარეს პირისპირ ვერ აჯობა, ხოლო 42-ე წუთზე ცარიელი კარიდან მცველმა თავით ბურთი ფედერიკო გატის დარტყმის შემდეგ გამოიტანა. თუმცა, დარტყმის მომენტში „ფრაიბურგის“ მცველ გულდეს ბურთი ხელში მოხვდა. VAR-ზე გადამოწმების შემდეგ პენალტი დაინიშნა და გულდე გააძევეს, რადგან გააფრთხილეს და ყვითელი ბარათი მანამდეც მიღებული ჰქონდა. პენალტი დუშან ვლაჰოვიჩმა გაიტანა – 1:0. ეს უკვე მნიშვნელოვანი უპირატესობა იყო.
მეორე ტაიმში „იუვემ“ თავი კარგად დაიცვა. რაც მთავარია, ალეგრიმ ანხელ დი მარია, რომელიც ბოლომდე მზად არ იყო, შეინახა და მისი თამაშში ჩართვის საჭიროება არ გახდა. სამაგიეროდ, თამაშში ჩაერთო ფედერიკო კიეზა, რომელმაც მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ბურთი ხარიხას გაარტყა, მაგრამ ერთ წუთში მაინც გაიტანა, სეზონში მეორე გოლი.
„იუვენტუსმა“ თამაში 2:0, ორი მატჩის ჯამში კი 3:0 მოიგო და მეოთხედფინალშია, სადაც მეტოქეს 17 მარტს, წილისყრის შედეგად გაიგებს.
„ფრაიბურგი“ – „იუვენტუსი“ 0:2 (0:1)
გოლები: 0:1 ვლაჰოვიჩი (45, პენ), 0:2 კიეზა (90)