დეკემბერში ტურინის „იუვენტუსის“ საუკეთესო და ყველაზე პროდუქტიული ფეხბურთელი ფედერიკო ბერნარდესკი იყო.
ჯერჯერობით, იტალიელი შემტევის მომავალი მაინც გაურკვეველია, რადგან კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება. Tuttosport-ის ინფორმაციით, ახალი წლის შემდეგ მხარეები მოლაპარაკებებს დაიწყებენ, რადგან კონტრაქტის განახლების სურვილი ორივე მხარეს აქვს.
ბერნარდესკის „იუვეში“ დარჩენა სურს, ხოლო „იუვენტუსის“ სამწვრთნელო შტაბი მიმდინარე სეზონში ფეხბურთელის თამაშით კმაყოფილია. ფედერიკომ ბოლო დროს თავის ბუნებრივ პოზიციაზე თამაში დაიწყო, განსხვავებით წინა პერიოდისგან, როცა ხან მცველად და ხანაც ნახევარდაცვის ცენტრში ათამაშებდნენ.
ბერნამ ეს შანსი შეიძლება ითქვას გამოიყენა და სერია A-ს მიმდინარე სეზონში 1 გოლთან ერთად 6 საგოლე პასი აქვს. ამას ემატება ჩემპიონთა ლიგაზე 3 შედეგიანი გადაცემა. სხვათა შორის, მიმდინარე სეზონში ფედერიკო „იუვეს“ საუკეთესო ასისტენტია. ამდენად, კონტრაქტის განახლებაზე საუბარი რომ დაიწყო, ბუნებრივია.
შეგახსენებთ, რომ ფედერიკო ბერნარდესკი „იუვენტუსმა“ 2017 წელს „ფიორენტინადან“ 40 მილიონ ევროდ შეიძინა.