ტურინის “იუვენტუსი” სერია A-ს 24-ე ტურში “ვერონას” უმასპინძლებს. მასიმილიანო ალეგრის გუნდის მიმართ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიურობის გამო ახლა გაორმაგებული ყურადღებაა.
იტალიური მედია ვარაუდობს, რომ ორივე ახალწვეული, დუშან ვლაჰოვიჩი და დენის ზაკარია ძირითად შემადგენლობაში იქნებიან. “იუვეს” ნახევარდაცვაში მანუელ ლოკატელი დააკლდება, რომელიც დისკვალიფიცირებულია, ვესტონ მაკკენი კი სანაკრებო პაუზის შემდეგ აშშ-დან იტალიაში ჯერაც არ დაბრუნებულა. ამიტომაც, შვეიცარიელის სასტარტოში მოხვედრა თითქმის გარდაუვალია.
აღსანიშნავია, რომ პაულო დიბალა სანაკრებო პაუზის შემდეგ გუნდს გვიან შეუერთდა, რის გამოც სავარაუდოდ, არგენტინელი ძირითადში არ იქნება, ხოლო ფედერიკო ბერნარდესკი ტრავმირებულია, ალექს სანდროს კორონავირუსი აქვს, ბრაზილიიაშია და ისინი ვერ ითამაშებენ. “იუვეს” სავარაუდო შემადგენლობა ამ დროისთვის ასეთია:
შჩესნი; დანილო, დე ლიხტი, კიელინი, დე შილიო; არტური, ზაკარია, რაბიო; კუადრადო, ვლაჰოვიჩი, მორატა.
შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსისა” და “ვერონას” მატჩი 6 თებერვალს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.