ტურინის „იუვენტუსი“ ზაფხულში მარცხენა მცველის დამატებასაც აპირებს, რადგან ალექს სანდრო და ლუკა პელეგრინი მასიმილიანო ალეგრის დარწმუნებას ვერ ახერხებენ.
იტალიური მედიის ცნობით, ტურინელთა ინტერესის სფეროში „უდინეზეს“ განაპირა მცველი დესტინი უდოჯი მოხვდა. როგორც ცნობილი გახდა, 19 წლის მცველზე „იუვე“ უდინელებს უკვე დაუკავშირდა და ინფორმაცია გამოითხოვა. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია, მაგრამ ირკვევა, რომ უდოჯით უცხოური კლუბებიც ინტერესდებიან.
ტურინელები უდოჯის ლუკა პელეგრინის შემცვლელად განიხილავენ, რომელიც სავარაუდოდ კლუბს დატოვებს. “იუვეს” ინტერესის სფეროში ამ პოზიციაზე ისევ რჩება ემერსონ პალმიერი და ოუენ ვეინდალი.
დესტინი უდოჯი წარმოშობით ნიგერიელია, მაგრამ იტალიის 21-წლამდე ნაკრებში თამაშობს. მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ და შესანიშნავი სეზონიც ჩაატარა. სერია A-ში 19 წლის მცველმა გასულ სეზონში 35 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა, რაც მისი ასაკის, თანაც მცველისთვის მართლაც შესანიშნავი სტატისტიკაა.