ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 32-ე ტურში სტუმრად „კალიარი“ 2:1 დაამარცხა და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა.
მასიმილიანო ალეგრის გუნდმა თამაში ცუდად დაიწყო და მეათე წუთზე ჟოაო პედრომ სარდინიელები დააწინაურა. თუმცა, ეს იყო ერთადერთი დარტყმა ტურინელთა კარში, მატჩის დანარჩენი ნაწილი კი სტუმართა აშკარა უპირატესობით წარიმართა.
„იუვემ“ მეტოქეს 4 გოლი გაუტანა, თუმცა ორი არ ჩაუთვალეს. ჯერ ლუკა პელეგრინიმ გაათანაბრა, მაგრამ გოლი გაუქმდა, რადგან ბურთი ხელში ადრიენ რაბიოს მოხვდა. ყოველშემთხვევაში მსაჯმა ასე ჩათვალა. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ალეგრის გუნდმა მატიას დე ლიხტის დარტყმით აღადგინა წონასწორობა – 1:1.
მეორე ნახევარში „იუვემ“ კიდევ არაერთი მომენტი შექმნა, თუმცა, მხოლოდ ერთი გამოიყენა. 75-ე წუთზე პაულო დიბალას პასით დუშან ვლაჰოვიჩმა გამარჯვების გოლი გაიტანა. აქვე ისიც ვთქვათ, რომ მეორე ტაიმის სტარტზე ჯორჯო კიელინის გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა.
საბოლოოდ „იუვენტუსმა“ 2:1 მოიგო, 62 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილს ისევ კომფორტული უპირატესობით ინარჩუნებს. მომდევნო შეხვედრას კი ტურინელები 16 აპრილს, შნ „ბოლონიასთან“ გამართავენ.