ტურინის “იუვენტუსმა” სერია A-ს 27-ე ტურში “ინტერი” სტუმრად დაამარცხა და სანაკრებო პაუზაზე დიდებულ ხასიათზე გავიდა.
„იუვენტუსმა“, რომელსაც 15 ქულა აქვს დაკლებული (რომ არა ეს, ახლა მეორე ადგილზე კომფორტულად და მშვიდად იქნებოდა), მილანში „ინტერი“ 1:0 დაამარცხა. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა დაცვაში გამართული ფეხბურთი ითამაშა, შეტევაში კი ბევრი არაფერი გამოსდიოდა, მაგრამ სახიფათო კონტრშეტევებზე გადადიოდა. ერთადერთი გოლი კი 23-ე წუთზე ფილიპ კოსტიჩმა გაიტანა. გოლი, რომელზეც შეიძლება დიდხანს ილაპარაკონ, რადგან ეპიზოდის დასაწყისში ადრიენ რაბიოს მხრიდან ხელით თამაში განიხილებოდა. ვიდეორეფერიმ დიდხანს ამოწმა მომენტი, მაგრამ საბოლოოდ, გოლი ჩაითვალა. თუმცა, ბევრი ფიქრობს, რომ ფრანგმა ხელით ითამაშა. ფაქტია, გოლი ჩაითვალა და „იუვემ“ მოიგო. ტურინელებმა „ინტერს“ მიმდინარე სეზონში ორივე დუელი მოუგეს, თუმცა წინ კიდევ ორი დუელია, იტალიის თასის ნახევარფინალში.
სხვათა შორის, დარჩენილ 70 წუთში „ინტერს“ საგოლე მომენტიც არ შეაქმნევინა, ყოველ შემთხვევაში, რეალური და აშკარა. „იუვენტუსმა“ 41 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა, მაგრამ ევროზონას მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება.
“იუვე” მომდევნო მატჩს 1-ელ აპრილს, შინ “ვერონასთან” ჩაატარებს, ხოლო 4 აპრილს იტალიის თასის ნახევარფინალში “ინტერს” შეხვდება.
“ინტერი” – “იუვენტუსი” 0:1 (0:1)
გოლი: 0:1 კოსტიჩი (23)