ტურინის „იუვენტუსმა“ ამერიკულ ტურნეში ბოლო ამხანაგური თამაში ჩაატარა და ლორ ანჯელესში მადრიდის „რეალს“ შეხვდა, რომელთანაც უშანსოდ, 0:2 დამარცხდა.
ესპანელები დიდ უპირატესობას ფლობდნენ და რომ არა მატია პერინის საოცარი თამაში, გაცილებით დიდი ანგარიშით მოიგებდნენ. „იუვემ“ პირველი გოლი მე-19 წუთზე კარიმ ბენზემას პენალტით გაუშვა, რაც დანილოს მხრიდან ვინისიუსზე თამაშის წესების დარღვევას მოჰყვა, ხოლო 69-ე წუთზე შესანიშნავი კომბინაცია მარკო ასენსიომ დააგვირგვინა.
ამრიგად, „იუვენტუსმა“ ამერიკული შეკრება 1 მოგებით („ჩივასთან“ 2:0), 1 ფრით („ბარსელონასთან“ 2:2) და 1 წაგებით („რეალთან“ 0:2) დაასრულა.
ტურინული გრანდი მომდევნო ამხანაგურ მატჩს 3 აგვისტოს “იუვეს” მეორე გუნდთან გამართავს, ხოლო 7 აგვისტოს, თელ ავივში მადრიდის „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ ითამაშებს.
„რეალი“ – „იუვენტუსი“ 2:0 (1:0)
ლოს ანჯელესი, „როუზ ბოული“
„იუვენტუსი“ (4-3-3): პერინი (პინსოლიო 70); დანილო (და გრაკა 76), ბონუჩი (გატი 64), ბრემერი (რუგანი 70), ალექს სანდრო (პელეგრინი 70); ზაკარია, ლოკატელი (კუდრიგი 76), ფაჯოლი (როველა 64); დი მარია (კუადრადო 46), ვლაჰოვიჩი (აკე 64, სულე 70), კინი (ბარბიერი 76)
გოლები: 1:0 ბენზემა (19, პენ), 2:0 ასენსიო (69)