ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა დუშან ვლაჰოვიჩმა სერბეთის ნაკრების შეკრება დატოვა და ტურინში დაბრუნდა.
როგორც იტალიური მედია სერბეთის ფეხბურთის ფედერაციაზე დაყრდნობით წერს, დუშანს საზარდულის პრობლემა აქვს და ვინაიდან სერბეთს წინ მხოლოდ ამხანაგური მატჩები აქვს, ფეხბურთელის კლუბში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს.
ვლაჰოვიჩი ტურინში დაისვენებს და გამოჯანმრთელებას ეცდება. სერბი ფორვარდი მილანის „ინტერთან“ 3 აპრილს გასამართი მატჩისთვის ფორმაში დაბრუნებას ისახავს მიზნად.
შეგახსენებთ, რომ ვლაჰოვიჩმა მიმდინარე სეზონში „იუვენტუსის“ რიგებში 11 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.