ტურინის „იუვენტუსმა“ ზედიზედ სამი ფრის შემდეგ გამარჯვება მოიპოვა, თანაც ძალიან მნიშვნელოვანი.
მასიმილიანო ალეგრის გუნდი სტუმრად „ემპოლის“ შეხვდა, რომელთანაც პირველ წრეში წაგებული ჰქონდა. თუმცა, ამჯერად სამი ქულის მოპოვება მოახერხა, რაც დუშან ვლაჰოვიჩის დამსახურებაა.
„იუვენტუსმა“ დიდი დანაკლისით ითამაშა – ფედერიკო კიეზას, ფედერიკო ბერნარდესკის, პაულო დიბალას, დანიელე რუგანის, ჯორჯო კიელინის, კაიო ჟორჟეს და ვესტონ მაკკენის გარეშე. სამწუხაროდ, ტურინელთა ეს სია კიდევ უფრო გაიზარდა – „ემპოლისთან“ დენის ზაკარია დაშავდა და პირველივე ტაიმში შეცვალეს.
„იუვემ“ მანამდე გახსნა ანგარიში, ადრიენ რაბიოს ჩაწოდებას მოიზე კინი გამოეხმაურა და თავით გაიტანა. თუმცა, მე-40 წუთზე დაცვაში ტურინელებმა საშნლად ითამაშეს და ანგარიში გაათანაბრეს. მიუხედავად ამისა, ტაიმის ბოლო წუთზე დუშან ვლაჰოვიჩმა ბრწყინვალედ ითამაშა. მან ხუან კუადრადოს პასის მერე, მეკარე და მცველი ერთდროულად მოატყუა – 1:2.
სერბმა ფეხბურთელმა მეორე ტაიმში დუბლი შეასრულა. ალვარო მორატას პასით ის მეკარესთან პირისპირ დარჩა და უპირატესობა ორამდე გაზარდა. „იუვემ“ მშვიდად მაინც ვერ მოიგო, რადგან 76-ე წუთზე „ემპოლიმ“ კიდევ ერთი ბურთი გაიტანა – 2:3. დარჩენილ დროში ტურინელებმა თავი კარგად დაიცვეს და თამაში მოიგეს.
„იუვენტუსმა“ 50 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში ისევ მეოთხე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას 2 მარტს, იტალიის თასზე სტუმრად „ფიორენტინასთან“ ჩაატარებს, ხოლო სერია A-ში 6 მარტს, „სპეციას“ უმასპინძლებს.
„ემპოლი“ – „იუვენტუსი“ 2:3 (1:2)
ემპოლი, „კარლო კასტელანი“
„ემპოლი“ (4-3-2-1): ვიკარიო; სტოიანოვიჩი (ჰენდერსონი 85), ისმაილი, ლუპერტო, კაკაჩე (პარიზი 70); ზურკოვსკი, ასლანი, ბანდინელი (ბენასი 70); ბაირამი (ვერე 84), დი ფრანჩესკო (კუტრონე 70); პინამონტი
მწვრთნელი: აურელიო ანდრეაცოლი
„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; დანილო, ბონუჩი, დე ლიხტი, პელეგრინი; ზაკარია (ლოკატელი 36), არტური, რაბიო; კუადრადო, ვლაჰოვიჩი, კინი (მორატა 62)
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
გოლები: 0:1 კინი (32), 1:1 ზურკოვსკი (40), 1:2 ვლაჰოვიჩი (45), 1:3 ვლაჰოვიჩი (66), 2:3 ლა მანტია (76)
გაფრთხილება: ისმაილი (51), პარიზი (73)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (2) – 12 (5) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 7:3 თამაშგარე: 2:0
მსაჯი: ფაბიო მარესკა