ტურინის „იუვენტუსმა“ შესაძლოა ზაფხულში უსმან დემბელე დაიმატოს. ფრანგ ფეხბურთელს „ბარსელონასთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და მისი განახლების შესახებ მოლაპარაკებები გართულდა.
კატალონური კლუბი კვირებია ცდილობს ხელშეკრულების განახლებაზე შეთანხმების მიღწევას, მაგრამ მხარეებმა სწორი მიმართულება დაკარგეს და როგორც გამოცემა Sport-ი წერს, დემბელემ გადაწყვიტა, რომ „ბარსა“ დატოვოს და კონტრაქტი არ განაახლოს.
წყაროს თანახმად, ფრანგი უკვე შეუთანხმდა სიტყვიერად „იუვენტუსს“, მაგრამ ამავდროულად ელოდება „პარი სენ ჟერმენის“ წინადადებას, სადაც წასვლა მისთვის პრიორიტეტულია. თუ პსჟ დემბელეზე უარს იტყვის, მაშინ ის კარიერას „იუვენტუსში“ გააგრძელებს.
უსმან დემბელე „ბარსელონაში“ 2017 წლიდან თამაშობს, მაგრამ ძალიან ხშირად ტრავმირებულია, რის გამოც გუნდში საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე წარმოჩენა ვერ მოახერხა. 24 წლის შემტევს ესპანურ კლუბში ჩატარებულ 126 მატჩში 30 გოლი აქვს გატანილი.