ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატია დე შილიომ ფრანგულ გამოცემა L’Equipe-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც სხვადასხვა თემებზე ისაუბრა.
მატია შეეხო მიმდინარე სეზონს, „ლიონში“ თამაშის გამოცდილებას, იტალიაში ახალგაზრდა ფეხბურთელებისადმი არასწორ მიდგომას და იტალიის ნაკრებს.
„ლიონში“ გადასვლის არჩევანს ათასჯერ გავიმეორებდი, რადგან ეს იყო რეალური ცხოვრებისეული გამოცდილება, მშვენიერი დრო გავატარე. უფრო სწრაფი ფეხბურთის თამაში ვისწავლე, საფრანგეთში პატარა გუნდებსაც კი თავიანთი შანსები აქვთ. ისევ ვიღებდი თამაშით სიამოვნებას და დღეს ჩემს შესაძლებლობებში უფრო მეტად დარწმუნებული ვარ.
იტალიაში ყოველდღიურად ვიძირებით მედიისა და გულშემატკივრების წნეხის ქვეშ. საფრანგეთში მატჩის შემდეგ, თუნდაც ეს თამაში წააგო, შედეგზე ბრაზის გარეშე ფიქრობენ, საფეხბურთო სამყარო უფრო მშვიდად ცხოვრობს.
ალეგრი არის მწვრთნელი, რომელმაც დიდ ფეხბურთში პირველად მათამაშა 2011 წელს. ის ძალიან პრაგმატული ადამიანია, არ უყვარს ლამაზი ფეხბურთი, მაგრამ პირველ რიგში ყურადღებას დაცვის სიმყარეს აქცევს. ეს არის ის, რითაც „იუვეში“ 2014-2019 წლებში გამოირჩეოდა. ამჯერად დაბრუნდა „იუვეში“, მაგრამ გუნდი განსხვავებულია.
მიმდინარე სეზონი ცუდად დავიწყეთ, შემდეგ კი 17 თამაში წაგების გარეშე ჩავატარეთ. უამრავი ქულა სულელურად რომ არ დაგვეკარგა, დღეს სკუდეტოს მოგების რეალური შანსი გვექნებოდა. ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნაც უდიდესი იმედგაცრუება იყო, მაგრამ ის არ არის სიმართლე, რომ თითქოს მეტოქე ვერ შევაფასეთ. ახლა ჩვენი მიზანია იტალიის თასის მოგება და სერია A-ში მეოთხე ადგილის დაკავება.
იტალიის ნაკრები? ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოხდა ის, რაც შეიძლება მოხდეს ერთ მშრალ მატჩში. ყველაფერი ეპიზოდებმა გადაწყვიტა. იმ დღეს სკამაზე ვიყავი, ვხედავდი, რომ დროის გასვლასთან ერთად ვნერვიულობდით და ხაფანგში ვეხვეოდით.
უცხოეთში ახალგაზრდები ჩვენზე ადრე არიან მნიშვნელოვანი მატჩების სათამაშოდ მზად. ეს საფრანგეთში ვნახე. იქ ბავშვები თამამები არიან, არ ეშინიათ ერთი-ერთზე თამაშია, შეცდომების დაშვების. ახალგაზრდა იტალიელებს პირველივე თამაშში კერპად აქცევენ, პირველივე შეცდომის შემდეგ კი დასცინიან. შემდეგ კი ეს ნიჭიერი ფეხბურთელი იკარგება. მე ვიცი, რომ ბევრ ახალგაზრდას ეშინია იტალიის დატოვების, მაგრამ ეს სამწუხაროა. ეს არის გამოცდილება, რომელიც ძალიან ბევრს გასწავლის“, – თქვა დე შილიომ.
შეგახსენებთ, რომ მატია დე შილიომ გასულ სეზონში იჯარით „ლიონში“ ითამაშა და 33 გოლი გაიტანა, ხოლო მიმდინარე სეზონში „იუვეს“ მაისურით მოედანზე 26-ჯერ გავიდა და 1 გოლი გაიტანა.