ტურინის „იუვენტუსის“ მარცხს „ინტერის“ წინააღმდეგ ალესანდრო დელ პიერო გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, მასიმილიანო ალეგრის გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა და უცნაურია, რომ ეს თამაში წააგეს.
„ძალიან კარგი „იუვენტუსი“ ვნახე, ისინი დომინირებდნენ, „ინტერი“ მეტოქის ნახევარზეც ვერ გადადიოდა. თუმცა, „იუვემ“ კარში ცოტა დაარტყა და ამას მივყავართ ფეხბურთში მთავარ წესთან: გოლი უნდა გაიტანო. „ინტერმა“ თავი კარგად დაიცვა, მაგრამ ჩემი აზრით, „იუვენტუსმა“ ამ საღამოს ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარა.
პარადოქსია, რომ მათ ისეთი თამაში ისეთ სტილში წააგეს, როგორც ხშირად მოიგეს მიმდინარე სეზონში. სკუდეტოზე პატარა ოცნება არსებობდა, დღეს ის გაქრა და ვფიქრობ, ფეხზე წამოდგომა რთული იქნება“, – თქვა დელ პიერომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ 59 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 9 აპრილს სტუმრად „კალიარისთან“ ჩაატარებს.