ტურინის „იუვენტუსის“ ახალწვეულის, ფედერიკო გატის მამამ, ლუდოვიკო გატიმ Tuttosport-ს ინტერვიუ მისცა და თავის შვილზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ფედერიკოს „ტორინოში“ ტრანსფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ საბოლოოდ, „იუვენტუსმა“ ძალიან სწრაფად იმოქმედა და მისი შვილი ძალიან ბედნიერია.
„ბოლო თვეებში ვიცოდით, რომ ჩემი შვილით „იუვე“ იყო დაინტერესებული, მაგრამ შემდეგ „ტორინომ“ მოიპოვა უპირატესობა. ყველაფერი დასრულებული ჩანს, ივან იურიჩმა დაურეკა ფედერიკოს, რათა აეხსნა რა პროექტში ექნებოდა ადგილი მისთვის. მერე არ ვიცით, რა მოხდა. „იუვე“ მოულოდნელად დაწინაურდა მისთვის ბრძოლაში და მეორე დილით ჩემი შვილი J Medical-ში იყო სამედიცინო შემოწმებისთვის და კონტრაქტიც გააფორმა. საოცარ ემოციებს განვიცდით, რამდენიმე წლის წინ ამას ვერც წარმოვიდგენდით. ერთ-ერთ ტელევიზიას ჩვენს სახლში მოსვლა და რეპორტაჟის გაკეთება სურდათ, მაგრამ ჩვენ უარის თქმა ვამჯობინეთ, არ გვინდა ყურადღების ცენტრში ყოფნა.
კონტრაქტის გაფორმების დროს მან კიელინი და ბონუჩი ნახა და როცა ჯორჯომ დაინახა, წამოიძახა: „აჰა, ჩემი მემკვიდრე!“ ფედერიკოს გაეცინა, ცოტა ხანს ისაუბრეს და შემდეგ ფედერიკო ფროზინონეში დაბრუნდა. თუმცა, მანამდე 91 წლის ბაბუას გაუარა, რომელიც „ალიანც სთედიუმთან“ ახლოს ცხოვრობს. ჩემი შვილი ძალიან ახლოსაა მამაჩემთან, მაშინვე მასთან წავიდა, ძალიან აღელვებული იყო „იუვენტუსში“ გადასვლით, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ჩვენი ოჯახი „ტორინოს“ გულშემატკივარია“, – თქვა ლუდოვიკო გატიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ ფედერიკო გატის კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გაუფორმა, ის სეზონის ბოლომდე იჯარით „ფროზინონეში“ დატოვა და 1 ივლისიდან დაიბრუნებს.