„მილანის“ ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა ადრიანო გალიანიმ რობერტო ბაჯოს „ფიორენტინადან“ „იუვენტუსში“ გადასვლის პერიოდი გაიხსენა. როგორც მან თქვა, რობერტოს „მილანში“ იმატებდა, მაგრამ ჯანი ანიელისა და სილვიო ბერლუსკონის საუბარმა ყველაფერი შეცვალა.
„ბაჯო მილანში 1990 წელს ანიელისა და ბერლუსკონის საუბრის შემდეგ არ მოვიდა. მაშინ მე მის აგენტ კალიენდოსთან შეთანხმებული ვიყავი, მაგრამ იმ დროს ანიელიმ დარეკა და მალევე მილანში მისი ვერტმფრენით ჩამოვიდა. მარკონის ქუჩაზე წავედით და ანიელიმ სილვიოს სთხოვა, რომ ბაჯო დაეთმო. მე ყვირილი დავიწყე, არ მინდოდა ბაჯო დაგვეთმო, მაგრამ ბერლუსკონი ანიელის სიტყვა მისცა და ბაჯო „იუვენტუსში“ წავიდა“, – გაიხსენა გალიანიმ.
შეგახსენებთ, რომ რობერტო ბაჯო „იუვენტუსში“ 1990-1995 წლებში თამაშობდა, ხოლო „მილანში“ 1995 წელს გადავიდა და „როსონერიში“ ორი სეზონი გაატარა.