„ტორონტოს“ ფეხბურთელმა ფედერიკო ბერნარდესკიმ იტალიურ მედიას ინტერვიუ მისცა, რომელშიც „იუვენტუსზე“, ადრიენ რაბიოზე, იტალიის ნაკრებსა და ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.
„რაბიოსგან ასეთი კარგი თამაში არ მიკვირს, ვარჯიშზე რომ ვნახე, ეჭვი არ შემპარვია მის თვისებებში. ძალიან ბედნიერი ვარ ადრის გამო, რადგან ვიცი, რას ნიშნავს უსამართლო კრიტიკა. „იუვენტუსს“ მასთან კონტრაქტი წინა თვეებში უნდა გაეხანგრძლივებინა: სად იპოვის მეტრი და 90 სმ-ს ფეხბურთელს მსგავსი პროგრესით?
ფაჯოლი პირველ გუნდს რომ შეუერთდა, მაშინვე მივხვდი როგორი შესაძლებლობები ჰქონდა. მას თამაშის შესანიშნავი ხედვა აქვს და მინდა რეჯისტას პოზიციაზე ვნახო. იანვარში, „იუვეს“ სრული შემადგენლობით შეჩერება რთული იქნება. იმედი მაქვს, რომ კიეზა შეიძლება გადამწყვეტი იყოს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც განიცადა, მაგრამ არ უნდა დაუშვას შეცდომა და გამოჯანმრთელების დრო არ უნდა დააჩქაროს.
მტკივნეულია, რომ იტალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე არაა, რადგან დავიმსახურეთ იქ თამაში. სხვადასხვა კონტინენტის გამარჯვებულები მუნდიალზე ავტომატურად უნდა გადიოდნენ. ევროპის ჩემპიონი ვარ და მსოფლიოს ჩემპიონატზე არასდროს მითამაშია, ეს აბსურდია.
პოტენციურად „იუვეს“ შემადგენლობა უფრო ძლიერია, ვიდრე „ნაპოლის“, რომელიც გამაგიჟებლად თამაშობს და საოცარი ფეხბურთელი ჰყავს, კვარაცხელია. ვფიქრობ, ის სერია A-ში საუკეთესო ფეხბურთელია და ზაფხულში „ნაპოლის“ შენარჩუნება გაუჭირდება. წლებია მისნაირი სრულყოფილი ფეხბურთელი არ მინახავს, ყველაფერი აქვს: ტექნიკა, ინტელექტი, სწრაფია, ხასიათითაც ძლიერია“, – თქვა ბერნარდესკიმ.