ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს 36-ე ტურში ბოლოსწინა ადგილზე მყოფ „ჯენოას“ ესტუმრა და მარცხი განიცადა. მორიგი იმედგამაცრუებელი მატჩი მასიმილიანო ალეგრის გუნდისგან.
მართალია, „იუვემ“ ჩემპიონთა ლიგის საგზური უკვე გაინაღდა, მაგრამ „ჯენოასთან“ მარცხი მაინც არასახარბიელო ვითარებაზე მიანიშნებს, მითუმეტეს, იმ სტილში როგორც წააგო.
პირველი ტაიმი ძალიან მოსაწყენი გამოდგა, საგოლე მომენტები საერთოდ არ შექმნილა და გოლიც არ გასულა. მეორე ტაიმი კი პაულო დიბალას ულამაზესი გოლით დაიწყო, რომელმაც საჯარიმოს მისადგომებიდან მარჯვენა ფეხით ზუსტად დაარტყა. გოლის შემდეგ ალეგრის გუნდი უკეთ ათამაშდა და რამდენჯერმე შეეძლო ანგარიშის გაზრდა. ჯერ დიბალამ ბურთი ძელს მოარტყა, შემდეგ კი მოიზე კინსა და დუშან ვლაჰოვიჩს სალვატორე სირიგუმ ურთულესი ბურთები აუღო.
87-ე წუთზე კი ტურინელთა დაცვა, კერძოდ მატია დე შილიო ჩავარდა და გუდმუდსონმა ანგარიში გაათანაბრა. „იუვენტუსს“ მოგება მაინც შეეძლო. 94-ე წუთზე ალვარო მორატა მეკარესთან პირისპირ გავიდა, არ დაარტყა, პასი კინს გაუკეთა, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ის ევალებოდა, რომ ბურთი ცარიელ კარში დაერტყა… დაარტყა, მაგრამ ცარიელ კარს ააცილა! „ჯენოამ“ საპასუხო შეტევა დაიწყო და პენალტი მოიპოვა, რომელიც დე შილიომ აიკიდა, ხოლო დომენიკო კრიშიტომ გაიტანა და „ჯენოამ“ მოიგო.
„იუვენტუსს“ 69 ქულით მეოთხე ადგილი უკავია და მომდევნო შეხვედრას 11 მაისს, იტალიის თასის ფინალში „ინტერთან“ გამართავს.
„ჯენოა“ – „იუვენტუსი“ 2:1 (0:0)
გენუა, „მარასი“
„ჯენოა“ (4-2-3-1): სირიგუ; ჰეფტი, ოსტიგორი, ბანი, კრიშიტო; ბადელი, გალდამესი (ფრენდრუპი 46); მელეგონი (ეკუბანი 59), ამირი, პორტანოვა (იებოა 59); დესტრო (გუდმუდსონი 68)
მწვრთნელი: ალექსანდერ ბლესინი
„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; კუადრადო (ალექს სანდრო 60), ბონუჩი, რუგანი, დე შილიო; მირეტი (ბერნარდესკი 74), არტური (ზაკარია 60), რაბიო; დიბალა (აკე 80), ვლაჰოვიჩი (მორატა 74), კინი
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
გოლები: 0:1 დიბალა (48), 1:1 გუდმუდსონი (87), 2:1 კრიშიტო (90, პენ)
გაფრთხილება: მელეგონი (43), ბადელი (78) – დიბალა (29), რუგანი (34), არტური (44)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 18 (6) – 12 (4) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 9:2 თამაშგარე: 3:3
მსაჯი: სიმონე სოცა