ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „რომასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, „იუვეს“ კონკურენტუნარიანობისთვის და სკუდეტოსთვის საბრძოლველად დრო სჭირდება. ამისთვის კი მუშაობა და მოთმინებაა საჭირო.
„აქ რომ მოვედი, ვიცოდი, რომ ეს იყო წელი, როდესაც გუნდი უნდა შევცვალოთ და ვიმუშაოთ, რომ დავბრუნდეთ ერთი ან ორი წლის განმავლობაში, რათა სკუდეტოსთვის ვიბრძოლოთ. ყველაფერი რამდენიმე თვეში არ იცვლება, რადგან სასწაულების მოხდენა არავის შეუძლია. გუნდი უმჯობესდება და ამას ცოტა მეტი მოთმინება სჭირდება, ეს ვიცოდი და ამის არ მეშინია. ნორმალურია, რომ ყველას მოგება უნდა, მაგრამ საჭიროა აშენება და მერე სკუდეტოსთვის ბრძოლა. „ინტერის“ გარდა, რომელიც უძლიერესია, „მილანიც“ ძალიან კარგად მუშაობს, არიან სხვა გუნდებიც, რომელთაც ჩამოვრჩებით. პირდაპირ კონკურენტებთან მატჩის შემდეგ ვნახოთ, სად ვიქნებით.
„რომაც“ პირდაპირი კონკურენტია და სწორი სულისკვეთება დაგვჭირდება, რათა სახლში სამი ქულით დავბრუნდეთ. შემადგენლობაში ცვლილებები იქნება. დიბალა? სიტუაციას დღეს შევაფასებ. ასევე უნდა ვნახო, როგორ არიან კიეზა და ბერნარდესკი, რომელიც ამ ბოლო დროს ბევრს თამაშობს. ალექს სანდრო არ იქნება, დაცვის მეორე ფლანგზე კი კუადრადო ითამაშებს. კიელინი, კაიო ჟორჟე და პელეგრინი დაბრუნდნენ, მაგრამ ოპტიმალურ კონდიციებში არ არიან. ორშაბათიდან დანილო დაგვიბრუნდება, ორ კვირაში ყველა ხელმისაწვდომი იქნება. დაცვის ცენტრში რუგანი-დე ლიხტის დუეტი ითამაშებს.
„რომასთან“ თამაში ყოველთვის რთულია, რადგან ინდივიდუალურად შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს. ამასთან, მოურინიო „მილანთან“ მარცხის შემდეგ გუნდს უკეთ მოამზადებს. კარგად უნდა ვითამაშოთ, კონკრეტულ და ტაქტიკურ დონეზე, უშუალო კონკურენტს ვეთამაშებით. გუნდმა უნდა გააუმჯობესოს საგოლე მომენტების რეალიზაცია და ბურთის კონტროლი.
ხედირას სიტყვები? თითოეულ მოთამაშეს აქვს თავისი მახასიათებლები. „იუვენტუსი“ ძალიან შეიცვალა, ადრე ბევრი გამოცდილი მოთამაშე ჰყავდა, ახლა ამ ფეხბურთელებზე უნდა ვიმუშაოთ, რომელთაც სხვა თვისებები აქვთ. „ნაპოლისთან“ საკუთარ ნახევარზე უფრო აგრესიულები უნდა ვყოფილიყავით და უკეთ გამოგვეყენებინა საგოლე მომენტები. ყველა ელოდა გამარჯვებას და ორ ქულამდე ჩამორჩენის შემცირება, მაგრამ ეს პირდაპირ კონკურენტთან მატჩი იყო და სხვაობა უცვლელი დარჩა“, – თქვა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ „რომასა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 9 იანვარს, თბილისის დროით 21:30 საათზე გაიმართება.