მთავარი / სიახლეები / სერია A / ალეგრი: “როცა ასეთ მომენტებს ვერ გამოიყენებ, წაგებას იმსახურებ”

ალეგრი: “როცა ასეთ მომენტებს ვერ გამოიყენებ, წაგებას იმსახურებ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ჯენოასთან“ მატჩის (1:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, გუნდმა მიუღებელი შეცდომები დაუშვა და წაგება დაიმსახურა.

„სამწუხაროა წაგება, დავკარგეთ სამი ქულა თამაშში, რომელშიც ამდენი საგოლე მომენტი გვქონდა, ფეხბურთი ასეთია. „ჯენოას“ უჭირდა და ყოველთვის ვცდილობდით გოლის გატანას. დღეს მოედანზე კონტრშეტევის სტილის ფეხბურთელები გვყავდა, მაგრამ ზოგჯერ ყოველთვის სწრაფად ვერ ითამაშებ, ზოგჯერ თამაშის გაკონტროლება პასებითაც საჭიროა.

შეგვეძლო 2:0 წაგვეყვანა ანგარიში, მაგრამ არ გამოგვივიდა. ფეხბურთი წყეულია, ისჯები. იყო მატჩები, რომლებიც ბოლო წუთზე მოვიგეთ და დღეს წავაგეთ. სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით უმნიშვნელო იყო, მაგრამ წინ იტალიის თასის ფინალია და ასეთი შეცდომების უფლება არ გვაქვს. თუ ასეთ მომენტებს ვერ გამოიყენებ, მარცხს იმსახურებ.

არტური დიდი ხნის უთამაშებელი იყო, დე შილიო ფინალში დისკვალიფიცირებულია და ამიტომ ბოლომდე ითამაშა, კუადრადოს 60 წუთი დავუთმე, რომ ფორმაში დაბრუნებულიყო და ოთხშაბათს უკეთეს კონდიციებში იყოს.

კინი? ის ფიზიკურად კარგადაა, როგორც გარემარბს მეტი სივრცე აქვს შეტევისთვის, კარიდან ზურგით თამაში კი უფრო უჭირს. ძალიან გაიზარდა და კმაყოფილი ვარ იმით, რასაც აკეთებს. მოიზეს როგორც წესი ნახევრად საგოლე მომენტი ჰყოფნის გოლის გასატანად, დღეს კი 5-6 მომენტიდან ერთხელაც ვერ გაიტანა, ფეხბურთი ასეთია. არის შემთხვევები, როცა ერთი მომენტიდან ერთ გოლს იტან, ბევრი მომენტიდან კი ვერცერთს. ის ახალგაზრდაა, მაგრამ დიდი გამოცდილება აქვს, ძალიან ბევრს იბრძვის, ისეთ დუელებში ხარჯავს ენერგიას, რაც ზოგჯერ საჭირო არაა. არის რაღაცები, რაც უნდა გააუმჯობესოს. რაც უფრო მეტს ითამაშებს, მეტ გამოცდილებას მიიღებს და უფრო მოუმატებს.

მირეტი იტალიის თასზეც ითამაშებს? არ ვიცი ითამაშებს თუ არა, მაგრამ დღესაც ძალიან მშვიდად ითამაშა. მან იცის ფეხბურთის თამაში იმ სიმშვიდით, რომელსაც მის ასაკში იშვიათად ნახავთ.

ვლაჰოვიჩი? ბოლო მატჩებთან შედარებით ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჰქონდა, კარგად იმუშავა. ის მშვიდად უნდა იყოს, მან გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას, მაგრამ გუნდს ყოველთვის ეხმარება. მან ტექნიკურად კარგად ითამაშა, ამბობენ, რომ მას ვანგრევ, მაგრამ ის ყოველთვის ასე თამაშობდა. ვცდილობ მისთვის ახსნას, რომ მშვიდად იყოს. მას ნაკლები გამოცდილება აქვს, ვიდრე სხვებს, ბალანსი უნდა იპოვოს. მჯერა, რომ სწორი ტემპით გაიზრდება, განსაკუთრებით მენტალურ დონეზე. ეს ნაბიჯები უნდა გადადგას. როცა გოლს ვერ იტანს, თავს დამნაშავედ გრძნობს, ვეუბნები, რომ ეს საჭირო არაა, მას ვესაუბრები. დღეს კარგად ითამაშა, ტექნიკურადაც და გუნდს დაეხმარა. დიბალამაც კარგად ითამაშა, მეორე ტაიმში უკეთესი იყო და ეს იმედის მომცემი ფაქტია“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 11 მაისს, იტალიის თასის ფინალში „ინტერთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

“იუვენტუსი” მორატას არ გამოისყიდის

ტურინის „იუვენტუსი“ ალვარო მორატას არ გამოისყიდის. ინფორმაცია მადრიდული გამოცემა Marca ავრცელებს. ცნობილი ესპანური გამოცემის ინფორმაციით, …

ვლაჰოვიჩი “იუვეზე”, კიეზაზე, თავის კარიერის დასაწყისსა და მიზნებზე…

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა დუშან ვლაჰოვიჩმა იტალიურ მედიას ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც არაერთ საკითხზე ისაუბრა. სერბმა …