ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ჯენოასთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. „იუვემ“ უკვე გაინაღდა ჩემპიონთა ლიგის საგზური, მიუხედავად ამისა, ალეგრი საუკეთესო შემადგენლობით თამაშს აპირებს და თქვა, რომ მისი გუნდი მხოლოდ მოსაგებად ითამაშებს.
„ეს არის მატჩი, რომელიც უნდა მოვიგოთ, სეზონის ბოლომდე მაქსიმალური ქულები უნდა მოვიპოვოთ. მივაღწიეთ სეზონის მინიმალურ მიზანს და ოთხეულში მოვხვდით, ახლა იტალიის თასისთვის უნდა მოვემზადოთ. ვეთამაშებით გუნდს, რომელსაც გადარჩენა უნდა, თუმცა, მოედანზე საუკეთესო შემადგენლობით გავალთ. დანილო დაისვენებს და გუნდს კვირას დაუბრუნდება. პელეგრინის მცირე ტრავმა აქვს და ხელმისაწვდომი არ იქნება, დე შილიო და კუადრადო დაბრუნდნენ. დადებითი შედეგი ხელს უწყობს უკეთ ვარჯიშს და მატჩისთვის უკეთ მომზადებას. ვინ ითამაშებს? მირეტის შეუძლია ითამაშოს, ვნახოთ, არტური როგორ იქნება, დე შილიო თასზე დისკვალიფიცირებულია და 90 წუთი თამაშს თუ შეძლებს, ძალიან დაგვეხმარება.
იტალიის თასი სეზონის დასაწყისშივე ჩვენი მიზანი იყო, როგორც სკუდეტო და ჩემპიონთა ლიგა, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, ძალიან რთულია ამ ტურნირის მოგება, მაგრამ ამბიცია უნდა გვქონდეს და შეუძლებელი არაფერია. ოთხშაბათს ფინალს ვითამაშებთ და მოხარული ვართ, რომ ფინალში ვართ. მოგება და წაგება არ ცვლის სეზონის შეფასებას. ჩვენ ყველა ველოდებით ფინალს, მაგრამ მანამდე ერთი მატჩია და ფინალამდე მშვიდად უნდა მივიდეთ, სადაც დავუპირისპირდებით გუნდს, რომელიც იტალიაში საუკეთესოა.
„რეალი“ – „სიტი“? პირველ რიგში ვულოცავ ორსატოს, მან თამაში ისე წარმართა, როგორც საუკეთესო მსაჯმა. შესანიშნავი მატჩი იქნება, ტექნიკურად და მენტალურად „რეალმა“ აჩვენა, რომ თამაში დასრულებული სასტვენამდე არაა. ბოლო 10 წლის განმავლობაში „იუვენტუსი“ ფინალში ორჯერ გავიდა, ეს კარგი შედეგია, ახლა კი ჩვენთან ბევრი ფეხბურთელი შეიცვალა, არის ეტაპები, როცა აუცილებელია შედეგების ხელახლა მიღწევა, რადგან ამასობაში სხვები უფრო შორს წავიდნენ. ევროპაში 6 გუნდია, რომლებიც სხვებზე აშკარად ძლიერია: „რეალი“, პსჟ, „ბაიერნი“, „ჩელსი“, „ლივერპული“, „სიტი“. შემდეგ ამბიცია ყველას გვაქვს, მაგრამ რეალობა სხვაა. თუ ადამიანი აცნობიერებს რეალობას, შემდეგ უფრო ადვილია საქმის კარგად გაკეთება. ვულოცავ კარლო ანჩელოტის, მან საოცარი რამ გააკეთა, მას ბევრს აკრიტიკებდნენ, მაგრამ მოდა მიდის, კლასიკა რჩება და ანჩელოტი კლასიკური მწვრთნელია.
შეტევაში ყველას შეუძლია ერთად თამაში. დღეს გადავწყვეტ ვინ ითამაშებს, ყველა კარგადაა. ზაკარიას ვარდნა? ყველა თამაშის თამაში რთულია. ბედნიერი ვარ მისით, ის სწავლობს, ჭკვიანია, შეუძლია ძალიან დაგვეხმაროს.
„ჯენოა“? „იუვენტუსმა“ ყოველთვის გამარჯვებისთვის უნდა ითამაშოს. ხვალ სავსე სტადიონზე ვითამაშებთ და ეს სტიმული იქნება. ტექნიკურადაც კარგად უნდა ვითამაშოთ, რადგან წნეხისგან თავისუფალი ვართ.
ვლაჰოვიჩთან შეჯიბრი კარში დარტყმებზე? მე მოვიგე, მან მაშინ გაიტანა, როცა შეჯიბრი დასრულებული იყო (იცინის). ბედნიერი ვარ მისით, მან ძალიან კარგად ითამაშა, მიუხედავად იმისა, რომ სეზონის შუაში მოვიდა, რაც ადვილი არასდროსაა. სავარაუდოდ, ხვალ ითამაშებს.
ახალგაზრდები? ზოგჯერ ჩვენთანაც თამაშობენ, მირეტი თამაშობს. თუ კარგი ახალგაზრდაა, თამაშობს. უსაფრთხოება და სიმშვიდე გამოცდილებასთან ერთად მოდის, მაგრამ უცხოეთში იტალიაზე მეტი ახალგაზრდა თამაშობს. განსაწვლული არავინ იბადება, იტალიაში ეგრევე მწვერვალზე აჰყავთ და პირველივე შეცდომაზე ძირს აგდებენ. გზის გავლაა საჭირო, ვინც ნიჭიერი და კარგია, თამაშობს. ვულოცავ 23-წლამდე გუნდს ძაულის, პირველად გაიარეს პლეი-ოფის ორი რაუნდი, ეს მნიშვნელოვანი პროექტია და ბიჭები უფრო ახლოს არიან პირველ გუნდთან.
მეც კლასიკოსი მწვრთნელი ვარ? ჩემთვის საკმარისია ჩემი ფეხბურთელებს ესმოდეთ, როცა მათ ველაპარაკები. კლასიკოსები არიან ანჩელოტი, კაპელო, ლიპი, რომლებმაც გაიმარჯვეს, როგორც კლოპი. ყველას თავისი გზა აქვს და ყველა გამარჯვებულია.
ხვალ მირეტი, დე შილიო, რაბიო და შჩესნი ითამაშებენ. მეოთხე ადგილის უკვე განაღდება კარგი შედეგია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სამი თვის წინ მეოთხე ადგილისგან შორს ვიყავით“, – თქვა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ „ჯენოასა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 6 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.