ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სამპდორიასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. მან სხვადასხვა თემებზე ისაუბრა. თქვა, რომ პოლ პოგბა გუნდს დაუბრუნდა, ფედერიკო კიეზა და ანხელ დი მარია კი დაისვენებენ.
„ხვალ შედარებით ადვილი თამაშია, მაგრამ მათ ბოლო ტურებში ქულები მოიპოვეს ან მათი დამარცხება მეტოქეებს გაუჭირდათ. პირველად ამ სეზონში შეგვიძლია „ინტერს“ 3 ქულით გავასწროთ, რადგან კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენ მოედანზე 50 ქულა მოვიპოვეთ.
პოგბა ხელმისაწვდომია. შემადგენლობა ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს, მხოლოდ ის ვიცი, რომ ვლაჰოვიჩი და პერინი ითამაშებენ. ვლაჰოვიჩი განიკურნა თუ არა საზარდულის ტკივილისგან? დიახ, განიკურნა. ხუთშაბათს შევცვალე, რადგან დი მარია კარგად მუშაობდა, კიეზას და კინის სახით კი სკამზე ორი იარაღი მყავდა. დუშანი კარგადაა და მას ვენდობი. თავდამსხმელს ყოველთვის გოლებით აფასებენ, მაგრამ ტექნიკურად მან ბოლო ორი თამაში ძალიან კარგად ჩაატარა. ნახევარდაცვა? პარედესი-ბარენეჩეადან ერთ-ერთი ითამაშებს. ხვალ სუფთად უნდა ვითამაშოთ, რადგან „ფრაიბურგთან“ მატჩიდან მხოლოდ 48 საათია გასული.
დანილო და ბრემერი? ვიმეორებ, შემადგენლობა არ გამიწყვეტია. უნდა შევაფასო მათი კონდიციები, ისევე, როგორც ბონუჩის. რუგანი და გატი კარგად არიან და სათამაშოდ მზად არიან. დე შილიო და ილინგი დაბრუნდნენ, ვიმედოვნებ, რომ მილიკი „ინტერთან“ მატჩისთვის მზად იქნება. კიეზა? საბედნიეროდ, სერიოზული არაფერია, მაგრამ ტკივილი აქვს და ხვალ ვერ ითამაშებს, იმედი მაქვს, რომ ხუთშაბათს ჩვენს განკარგულებაში იქნება. ხვალ დი მარიას სრულად დაისვენებს და ხუთშაბათს ხელახლა იქნება ხელმისაწვდომი.
არავის უთქვამს, რომ სამი თავდამსხმელით უფრო შემტევები ვართ, ვიდრე ერთი თავდამსხმელით. ხვალ დავიმატებთ ახალგაზრდული გუნდიდან კომპანიონის და თუ საჭირო იქნება, გამოვიყენებთ. მთავარია გუნდმა გააცნობიეროს მატჩის მნიშვნელოვანია, რადგან „სამპდორია“ კარგად ორგანიზებული გუნდია, რომელიც ბევრს დარბის, პრესინგს თამაშობს. გადამწყვეტი მატჩი? სატურნირო ცხრილში ძალიან მნიშვნელოვანია პატარა გუნდებთან მოპოვებული ქულები. ჩვენი დონის გუნდების წინააღმდეგ, „რომასთან“ ფრე ვითამაშეთ და წავაგეთ, წავაგეთ „მილანთან“ და „ნაპოლისთანაც“, მოვუგეთ „ინტერს“ და „ლაციოს“, „ატალანტასთან“ კი ფრე ვითამაშეთ. ასე რომ, თუ პირდაპირ კონკურენტებთან, ერთს იგებ, ერთს აგებ და ერთხელ ფრეს თამაშობ, პატარა გუნდებთან ქულები ძალიან მნიშვნელოვანი ხდება. ხვალ ძალიან სარისკო თამაშია, ასეთი მატჩებით იქმნება განსხვავება, ასეთი მატჩები მხოლოდ მოსაგებია.
23-წლამდე გუნდიდან სხვა ახალგაზრდების დაწინაურება პირველ გუნდში? წელს ახალგაზრდებმა ითამაშეს, ასევე გვყავს პეცორინო, რომელიც კარგად თამაშობს, მაგრამ სამწუხაროდ ტრავმირებულია. რამდენიმე ახალგაზრდამ კარგად ითამაშა, მაგრამ ბალანსი საჭიროა, რადგან „იუვეს“ მიზანი ოთხეულში მოხვედრაა. ქულების დაკლება? მე ამას არ ვუყურებ არც დაბრკოლებად და არც სტიმულად. ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად საჭირო ქულები მოედანზე უნდა დავაგროვოთ, რადგან სამწუხაროდ, პირველი ადგილისთვის ვერ ვიბრძოლებთ. რაც მოედანს მიღმა ხდება, ჩვენთვის საინტერესო არ უნდა იყოს.
მირეტი და სულე? ხვალ შევაფასებ სიტუაციას. ასევე მყავს ფაჯოლი და კომპანიონი, პლუს ილინგი, რომელიც პოტენციურად შემტევი გარემარბია. მირეტი კლასიკური „მეძალაა“, მას ურჩევნია მარცხნივ თამაში, ვიდრე მარჯვნივ, ის კარგია თავისი ასაკიდან გამომდინარე, მან იცის, როგორც გაითავისუფლოს თავი და პოზიციებსაც პოულობს. ფაჯოლიც ამ დროისთვის მეძალად თამაშობს და ძალიან კარგად. მომწონს, როგორც თამაშობს მარჯვენა მეძალას პოზიციაზე, მაგრამ შესაძლოა, მომავალში დაცვის წინ რეჯისტად თამაშიც შეძლო. მისი ყველას გვჯეროდა სეზონის წინ, თუმცა, არ მეგონა ასეთი მომწიფებული თუ იქნებოდა. ის ჭკვიანია, კარგად მუშაობას, მაგრამ უნდა გააუმჯობესოს რეალიზაციის თვალსაზრისით, რადგან მასაც და მირეტისაც სეზონის განმავლობაში რამდენიმე გოლის გატანა შეუძლიათ.
ბონუჩი? ფეხბურთი უცნაურია. იდეა იყო, რომ ხვალ ძირითადში ეთამაშა, მაგრამ შემდეგ ტრავმა ალექს სანდრომ მიიღო და „ფრაიბურგთან“ ლეოს თამაში მოუწია, სადაც კარგად ითამაშა. ხვალ დილით ვნახავ, თუ კარგად იქნება, შეიძლება ძირითადში ითამაშოს“, – თქვა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „სამპდორიას“ მატჩი 12 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.