ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ იტალიის თასის პირველ ნახევარფინალური მატჩში „ინტერთან“ მატჩამდე კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მეტოქის ცუდი პერიოდიდან გამომდინარე, „იუვეს“ უფრო მეტი ყურადღებით ყოფნა მოუწევს.
„ეს არის განსხვავებული ტურნირი, ეს არის ნახევარფინალი და ისევ „იუვენტუსი“ – „ინტერი“. ხვალ უნდა შევიქმნათ საფუძველი მეორე მატჩისთვის, რომ ფინალში გავიდეთ. ისინი ძლიერები არიან, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ცუდი პერიოდი აქვთ. ბევრმა ქებამ შეიძლება რეალობას აგვაცილოს. ფიზიკურად და ტექნიკურად ძლიერ გუნდთან უნდა ვითამაშოთ. მათ რამდენიმე თამაში წააგეს, ამიტომ, უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ.
კიეზა ხელმისაწვდომია, ავსტრიაში მუხლზე შემოწმება ჩაუტარდა, ის კარგად არის. მხოლოდ მყესების ანთება აქვს, მაგრამ ხვალ სათამაშოდ მზადაა და შეცვლაზე თამაში შეუძლია.
5 შემტევი გვყავს, წინ კი ბევრი თამაშია. კინი კვირას დისკვალიფიცირებულია და ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ხვალ ყველა შემტევი ხელმისაწვდომი გვყავდეს. ალექს სანდრო არ არის 100%-ით მზად, მაგრამ გუნდის განკარგულებაშია. რუგანი კარგადაა, ბონუჩი გამოჯანმრთელდა. პოგბამ კარგად ივარჯიშა და ოთხშაბათიდან გუნდთან ერთად იქნება.
თამაშიდან თამაშამდე უნდა ვიფიქროთ. ხვალ ჩვენი მეტოქე „ინტერია“, მხოლოდ ამის შემდეგ მოვემზადებით „ლაციოსთვის“. ყოველ სამ დღეში თამაში ნიშნავს, რომ ყველა მიზნისთვის ბრძოლის შესაძლებლობა გვაქვს. იტალიის თასის ნახევარფინალსა და ევროპა ლიგის მეოთხედფინალში ვართ. ამიტომაც, ამ თვეში კარგად უნდა ვითამაშოთ, რომ მაისშიც დატვირთული კალენდარი გვქონდეს.
ყველას იმედი გვაქვს, რომ ხვალ კარგად ვითამაშებთ. სიმონე ინძაგიმ „ინტერში“ დიდი სამუშაო შეასრულა, მიუხედავად ყველაფრისა ძლიერი გუნდია, რომელიც რთულ პერიოდს გადის, მაგრამ ახლა ამიტომ უფრო ყურადღებით ყოფნა მოგვიწევს. ხვალ მზად უნდა ვიყოთ. დაძაბულობა ყველა მატჩში არსებობს, მით უფრო „იუვე“ – „ინტერის“ შეხვედრაში. ჩვენ უბრალოდ თამაშზე უნდა ვიფიქროთ, ვფიქრობ, მსაჯი მასა, მატჩს კარგად გააკონტროლებს.
ნაადრევი ფინალი? პირველ რიგში იმედი ვიქონიოთ, რომ ფინალში გავალთ. ფეხბურთში ყოველთვის საჭიროა ბალანსი, საკმარისია ერთი თამაში, რომ პუბლიკის აზრი შეიცვალოს. საკმარისია შეხედოთ „ნაპოლი“ – „მილანის“ გუშინდელ მატჩს. ვერანაირი შედეგი მენტალურად ვერ შეგვარყევს.
ილინგ-ჟუნიორი კოსტიჩის შემცვლელი? ამ პოზიციაზე თამაში დე შილიოსაც შეუძლია, მაგრამ მისი თვისებებიდან გამომდინარე ილინგს მეძალადაც თამაში შეუძლია და მინდა ამ პოზიციაზე გამოვცადო. ლოკატელი ძალიან გაიზარდა, ის ბევრად უფრო სწრაფად ანაწილებს ბურთს. მანუელი ყოველთვის გულით, ხასიათით თამაშობს და ეს არის თვისებები, რომლებიც საშუალებას გაძლევს „იუვეში“ ითამაშო“, – თქვა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ინტერის“ მატჩი 4 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.