ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „უდინეზესთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, რომელიც წუთიერი დუმილით დაიწყო.
„ვფიქრობ, რომ სწორია პატივი მივაგოთ ერნესტო კასტანოს და ჯანლუკა ვიალის, ორ ფეხბურთელსა და უპირველეს ყოვლისა ორ ადამიანს, რომლებმაც ბევრი მისცეს ფეხბურთს, „იუვენტუსს“ და იტალიის ნაკრებს“, – ამ სიტყვებით გახსნა პრესკონფერენცია მასიმილიანო ალეგრიმ და წუთიერი დუმილით მათ მიმართ პატივი გამოხატა.
ჯანლუკა ბევრს ნიშნავდა, როგორც ფეხბურთელი და როგორც კაცი, მისაბაძი მაგალითი იყო. ის აუცილებლად დაგვაკლდება ყველა ჩვენგანს.
სულე შემტევი მოთამაშეა, მაგრამ მას აქვს საკმარისი ხარისხი. ბედნიერი ვარ იმით, თუ როგორ პროგრესირებს და უნდა მივცეთ მას დრო, რომ გაიზარდოს ფიზიკურად და ტექნიკურად. კიეზას სჭირდებოდა ისეთი სწრაფი ტემპის თამაში, როგორიც კრემონაში იყო, რათა მოუმატოს. არ ვიცი, იქნება თუ არა, ძირითად შემადგენლობაში, რადგან სათამაშო წუთები ნელ-ნელა უნდა მიიღოს.
ამჟამად ჩვენთვის სკუდეტოს პერსპექტივა არ იცვლება. „ნაპოლი“ აშკარა ფავორიტია, შემდეგ მოდიან „ინტერი“ და „მილანი“. ჩვენი მიზანია ოთხეულში დავრჩეთ და შანსი შევინარჩუნოთ, როგორც სერია A-ში, ისე ევროპა ლიგაზე.
დი მარია გამოჯანმრთელდა, პარედესი უმატებს, ბრემერი ცოტა დაღლილია და მის სიტუაციას დღეს შევაფასებ, თუ საჭირო გახდა, რუგანი მზადაა. შუადღეზე შევაფასებ შემადგენლობას. „უდინეზე“ ფიზიკურად ძლიერი გუნდია და შესანიშნავ სეზონს ატარებს. მათ ჰყავთ კარგი ფეხბურთელები, როგორებიც პერეირა და ბეტო არიან, ფიზიკურად ძალიან ძლიერები. რთული მატჩი იქნება, როგორც ყველა სხვა. ალექს სანდრო ხვალ უნდა დაბრუნდეს, გატი, რუგანი, დანილოსა და ალექს სანდროს შორი 3 ითამაშებს. ბრემერი კი ვნახოთ, არ გვინდა რისკზე წავიდეთ.
კინი? ის ძალიან კარგია, 6 კილოგრამი დაიკლო, განსხვავებული აზროვნება აქვს, იზრდება და მწიფდება. ხვალ თუ ითამაშებს? უნდა შევაფასო სიტუაცია მას და მილიკს ერთად ვათამაშებ თუ დი მარიასთან ერთად. კუადრადო, დე შილიო, ბონუჩი, ვლაჰოვიჩი და პოგბა 15 დღის ინტერვალში უნდა დაბრუნდნენ. ყველა არა, მაგრამ უმეტესობა“, – თქვა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „უდინეზეს“ მატჩი 7 იანვარს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.