ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩი „ლიონთან“ სტუმრად ჩაატარა და მორიგი იმედგამაცრუებელი თამაში ჩაატარა. მარცხი მარცხად და თამაშის ხარისხი კრიტიკას ისევ ვერ უძლებდა.
„იუვე“ ძალიან უჭირს გააზრებული ფეხბურთის ჩვენება, ეს მთელი სეზონია გრძელდება და არც ახლა შეცვლილა არაფერი. რუდი გარსიამ პირადი დუელი მაურიციო სარის აშკარად მოუგო და საპასუხო მატჩის წინ ტურინელები რთულ მდგომარეობაში ჩავარდნენ.
მატჩი ისე მიილია, რომ „იუვეს“ კარში არ დაურტყამს. სალაპარაკოც ბევრი არაფერია, „ლიონმა“ ტაიმის შუაწელს მაშინ გაიტანა, როდესაც მატიას დე ლიხტს მოედანი ტრავმის გამო ჰქონდა დატოვებული და დაცვაში შექმნილი არეულობით ფრანგებმა სწორედ მისი ზონიდან ისარგებლეს. ჰუსამ ოუარის პასით ტუსარმა გამარჯვების გოლი გაიტანა.
„ლიონმა“ თავი კარგად დაიცვა და სასურველი ანგარიში ბოლომდე მიიყვანა. იყო ერთი ეპიზოდი, როდესაც დიბალა პენალტს არცთუ უსაფუძვლოდ ითხოვდა, მაგრამ მსაჯმა ეპიზოდს ყურადღება არ მიაქცია. არგენტინელს გოლიც არ ჩაუთვალეს, თუმცა თამაშგარე იყო. “ლიონმა” “იუვე” ისტორიაში პირველად დაამარცხა.
0:1 და ყველაფერი 17 მარტს ტურინში უნდა გადაწყდეს. და მაინც, „ლიონთან“ მარცხი, რომელიც მერვედფინალისტთა შორის ალბათ ყველაზე სუსტი მეტოქე იყო, მეტად საგანგაშო სიგნალია.
„ლიონი“ – „იუვენტუსი“ 1:0 (1:0)
ლიონი, „პარკ ოლიმპიკი“
მაყურებელი: 60 000
„ლიონი“ (3-5-2): ლოპეში; დენაიერი, მარსელო, მარსალი; დუბუა (ტეტე 78), სოარეში, ტუსარი, ოუარი, კორნე (ანდერსენი 81); ეკამბი (ტერიე 66), დემბელე
მწვრთნელი: რუდი გარსია
„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; დანილო, დე ლიხტი, ბონუჩი, ალექს სანდრო, ბენტანკური, პიანიჩი (რემზი 61), რაბიო (ბერნარდესკი 78); კუადრადო (იგუაინი 70), დიბალა, რონალდუ
მწვრთნელი: მაურიციო სარი
გოლი: 1:0 ტუსარი (31)
გაფრთხილება: მარსელო (28), კორნე (61)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (2) – 9 (0) ბურთის ფლობა: 39%-61% კუთხურები: 5:3 თამაშგარე: 1:3
მსაჯი: ხესუს ხილ მანსანო (ესპანეთი)