ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მეათე ტურში უმძიმესი გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ მაინც მოიგო და სატურნირო ცხრილის სათავეში დაბრუნდა.
მაურიციო სარის გუნდის პრობლემები არა და არ სრულდება. „იუვე“ არადამაჯერებელია, ბევრ საგოლე მომენტს ანიავებს და დაცვაში ბავშვურ შეცდომებს უშვებს. არადა, „ჯენოა“ მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი გუნდია და გასაკვირია, რომ ტურინელებს ამდენი ნერვიულობა დასჭირდათ მეტოქის დასამარცხებლად, თანაც კაცნაკლულის.
ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა, ლეონარდო ბონუჩიმ სეზონში პირველი გოლი გაიტანა და ანგარიშიც გახსნა. მაგრამ 4 წუთში სტუმრებმა ალექს სანდროს შეცდომით გაათანაბრეს, თავი კუამემ გამოიჩინა, რომელსაც უცნაური დარტყმა გამოუვიდა და ამიტომაც გაიტანა.
მეორე ტაიმის დასაწყისში „ჯენოას“ ფრანჩესკო კასატა გაუძევეს, მაგრამ ამან ტურინელებს საქმე ვერ გაუადვილა. იყო უამრავი საგოლე მომენტი, განსაკუთრებით ფედერიკო ბერნარდესკი აქტიურობდა, მაგრამ რადუ შესანიშნავად თამაშობდა. მსაჯის კომპენსირებულ დროში კი, ხუან კუადრადოს პასით კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა. თუმცა, რად გინდა, პორტუგალიელი თამაშგარეში იყო და გოლი გაუქმდა. თითქოს ეს დასასრულს ნიშნავდა.
გავიდა ერთი წუთი და რონალდუმ პენალტი გამოიმუშავა, სანაბრიამ შეცდომა დაუშვა და კრიშტიანუმ გამარჯვების გოლი მაინც გაიტანა.
სამი ქულა სამ ქულად, მაგრამ „იუვენტუსის“ თამაში აშკარად უკეთესის სურვილს ტოვებს და მაურიციო სარის დროულად მართებს გუნდის ხარისხის გამოკეთება. „იუვეს“ მომდევნო მატჩი უფრო რთული ექნება, რადგან ტურინულ დერბიში ნომინალური სტუმრის რანგში იქნება.
„იუვენტუსი“ – „ჯენოა“ 2:1(1:1)
ტურინი, „ალიანც სთედიუმი“
„იუვენტუსი“ (4-3-1-2): ბუფონი; კუადრადო; ბონუჩი, რუგანი, ალექს სანდრო; ხედირა (რაბიო 61), ბენტნაკური, მატუიდი (რემზი 61); ბერნარდესკი (დუგლას კოშტა 79); დიბალა, რონალდუ
მწვრთნელი: მაურიციო სარი
„ჯენოა“ (4-3-1-2): რადუ; გილიონე, რომერო, ძაპატა, ანკერსენი; კასატა, შონე, აგუდელო (რადოვანოვიჩი 84); პანდევი (გუმუსი 68); პინამონტი, კუამე (სანაბრია 81)
მწვრთნელი: ტიაგო მოტა
გოლები: 1:0 ბონუჩი (36), 1:1 კუამე (40), 2:1 რონალდუ (90, პენ)
გაფრთხილება: ბენტანკური (28), რუგანი (38), რაბიო (76, 87), ბონუჩი (89) – კასატა (4, 51), პანდევი (56)
გაძევება: რაბიო (87) – კასატა (51)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 18 (11) – 7 (3) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 10:2 თამაშგარე: 1:0
მსაჯი: ანტონიო ჯიუა