ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ახლოვდება და სულ უფრო აქტუალური ხდება ვინ დატოვებს „იუვენტუსს“.
თითქმის გადაწყვეტილია და წინ ვერაფერი დაუდგება, რომ „ბებერი ქალბატონის“ რიგებს იანვარში მარიო მანჯუკიჩი, მატია პერინი და მარკო პიაცა დატოვებენ. მიზეზი მარტივია – თამაში არცერთს უწევს და ახლო პერსპექტივაში ამის მცირე შანსიც არ ჩანს.
მათ გარდა, მერიჰ დემირალისა და ემრე ჯანის წასვლაც ძალზე რეალური გახდა. გერმანელმა წელს მხოლოდ ოთხი მატჩი ჩაატარა და ჩემპიონთა ლიგის განაცხადში საერთოდ არ შეიყვანეს. აქედან გამომდინარე, რა გასაკვირია, რომ გუნდიდან წასვლა უნდა. მსურველები არ აკლია – პსჟ, „ბაიერნი“ და „ბარსელონა“. „იუვეს“ შეუძლია ემრეს სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გამოიმუშავოს, იმის ფონზე, რომ 2018 წელს უფასოდ დაიმატა.
კიდევ უფრო ცოტა დროს ატარებს მოედანზე მერიჰ დემირალი, რომელმაც ერთადერთი თამაში ჩაატარა. თურქის სათამაშო დრო ცხადია კიდევ უფრო შეიკვეცება მას შემდეგ, რაც ჯორჯო კიელინი გამოჯანმრთელდება (თებერვალი-მარტი). დემირალს მსურველები არ აკლია, ერთ-ერთია „მილანი“. თურქეთისა და ისლანდიის მატჩს კი, ორი დღის წინ „არსენალის“ სკაუტები სწორედ მის გამო ესწრებოდნენ. ახსენეს მადრიდის „ატლეტიკოც“. დემირალში ტურინელები 40 მილიონ ევროს ითხოვენ, ზაფხულში კი 18 მილიონ ევროდ შეიძინეს.
იანვარში გუნდის დატოვების კიდევ ერთი კანდიდატი დანიელე რუგანია. მას „მილანსა“ და „ზენიტს“ უკავშირებენ. თუმცა, ერთი ცხადია, რომ „იუვენტუსი“ ზამთარში დემირალსა და რუგანს შორის მხოლოდ ერთს შეელევა და ორივე გუნდიდან არ წავა. ვნახოთ, იანვრამდე არც ისე დიდი დრო დარჩა და ყველაფერი გამოჩნდება.