ლეონარდო სპინაცოლამ „ატლეტიკოსთან“ კარგი თამაშის შემდეგ იტალიის ნაკრებშიც გამოიჩინა თავი დასამახსოვრებელი თამაშით. ლიხტანშტაინთან ტურინელთა განაპირა მცველი შეუჩერებლი იყო და ფლანგზე რასაც მოისურვებდა, იმას აკეთებდა. შესაძლოა, ეს მასიმილიანო ალეგრისთვის სეზონის გადამწყვეტ ნაწილში დამატებითი იარაღი გამოდგეს.
ორიოდე კვირის წინ სპინაცოლას სათამაშო პრაქტიკა თითქმის არ ჰქონდა, მაგრამ ალექს სანდროს დისკვალიფიკაციისა და მატია დე შილიოს გამო „ატლეტიკოსთან“ ალეგრიმ სასტარტოში გაამწესა. ეს მისი დებიუტი იყო ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ მადრიდელთა წინააღმდეგ მისმა თამაშმა საყოველთაო მოწონება დაიმსახურა.
ამჯერად კი, ეროვნული ნაკრების მაისურით ითამაშა გამორჩეულად და ლიხტანშტაინთან ერთ-ერთი საუკეთესოც იყო. საგოლე პასი გააკეთა, კიდევ ერთ გოლში მონაწილეობა მიიღო და ულამაზეს გოლთანაც ძალიან ახლოს იყო.
არადა, სპინაცოლას სეზონის სტარტზე მძიმე ტრავმა ჰქონდა და ზამთარში „ბოლონიაში“ განათხოვრებას უპირებდნენ. ამ სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით „იუვეს“ ღირსება მხოლოდ 4-ჯერ დაიცვა, მაგრამ უკვე დაამტკიცა, რომ მისი ნდობა შეიძლება და ვინ იცის, ეს ახალი იარაღი გამოდგეს…