ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ ვოიცეხ შჩესნიმ Sky Sport-თან ისაუბრა და მიმდინარე სეზონის გეგმების შესახებ გააკეთა კომენტარი. პოლონელი ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ გუნდმა უფრო ნაკლები გოლი უნდა გაუშვას, ვიდრე სეზონის პირველ ნაწილში.
„მზად ვართ, რომ 2020 წელს ყველა ტიტული მოვიგოთ. დაცვაში თამაში უნდა გავაუმჯობესოთ, ჩვეულებრივ ჩემპიონები ის გუნდები ხდებიან, რომლებიც ყველაზე ნაკლებ გოლს უშვებენ. ამის გასაკეთებლად ჩვენ ყველანაირი თვისება და ხარისხი გაგვაჩნია, უნდა ვიბრძოლოთ გოლის არგასაშვებლად. ვიცნობ ჩემს თანაგუნდელებს და ვიცი, რომ ამის გაკეთება მოკლე დროში შეგვიძლია.
სკუდეტოსთვის მარტო „ინტერი“ არაა ჩვენი კონკურენტი, „რომაც“ კარგ სეზონს ატარებს. რამდენიმე კვირის წინ არავინ საუბრობდა „ლაციოს“ შესახებ, მაგრამ დღეს ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე კარგი გუნდია. ტიტულისთვის კონკურენცია სწორედ ამ სამ გუნდთან მოგვიწევს.
კულუსევსკი ნამდვილად ძლიერი ფეხბურთელია, შესანიშნავი შენაძეია. სწორია, რომ ამ სეზონს „პარმაში“ დაასრულებს, რადგან გამოცდილება უნდა მიიღოს. ორი წლის წინ კრიშტიანუ მოვიდა, ახლა „მილანში“ იბრა დაბრუნდა. ეს ფეხბურთელები დონის ამაღლებას უწყობენ ხელს“, – თქვა შჩესნიმ.