ფრანგული „ლიონის“ მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ „იუვენტუსის“ შესახებ Sky Sport-თან ისაუბრა. ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, „იუვე“ აშკარა ფავორიტია, მაგრამ ყოველთვის ფავორიტები არ იმარჯვებენ.
„იუვე“ ექსტრაფავორიტია, დიდებული გუნდია, რომელსაც იტალიაში მუშაობის პერიოდიდან ახლოდან ვიცნობ. როდესაც მე მივედი, უკვე ზედიზედ ორი სკუდეტო ჰქონდა მოგებული და ამის შემდეგ კიდევ ექვსჯერ გახდა ჩემპიონი. „იუვე“ დიდი გუნდია შესანიშნავი ფეხბურთელებით, მითუმეტეს კრიშტიანუ რონალდუ ჰყავს, მსოფლიო დონის ფეხბურთელი. ვიცით, რომ აშკარა ფავორიტია, მაგრამ გვინდა ამ მატჩებიდან თავაწეულები გამოვიდეთ. ყოველთვის ფავორიტები არ იგებენ.
„ატალანტა“ შეიძლება იყოს მაგალითი. ვნახე „ვალენსიასთან“ შედეგი და მეოთხედფინალში გასვლის კარგი შანსი შეიქმნეს. ისევე, როგორც „დორტმუნდი“ პსჟ-სთან და „ატლეტიკო“ „ლივერპულთან“, სამივე ჩვენთვის მაგალითია“, – თქვა გარსიამ.
შეგახსენებთ, რომ „ლიონისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 26 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.