ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა კლაუდიო მარკიზიომ იტალიურ მედიასთან ისაუბრა. იტალიელი ნახევარმცველის განცხადებით, ალესანდრო დელ პიეროსთან ერთად თამაში მისი ოცნება იყო, რომელიც აიხდინა. ამიტომაც, არ წყდება გული იმაზე, რომ კრიშტიანუ რონალდუს გვერდით თამაშის შესაძლებლობა არ მიეცა.
„ვარ თუ არა იმედგაცრუებული, რომ რონალდუსთან ერთად თამაში არ მომიწია? არა. ჩემი ოცნება ბავშვობიდან დელ პიეროსთან ერთად თამაში იყო და ეს ოცნება ავისრულე.
წასვლის მომენტი? სეზონის წინ ალეგრიმ მითხრა, რომ ჩემს ადგილს შემადგენლობაში ვერ ხედავდა და წასვლა შემეძლო. მაგრამ მე არასდროს მითხოვია შემადგენლობაში ადგილი. კონტესთანაც მქონდა მცირე უთანხმოება, მაგრამ ყოველთვის ყველაფერი კარგად ვერ იქნება.
ჩემი მემკვიდრეები? ნახევარმცველების ახალი ტალღა არსებობს. ბარელა, კასტროვილი, სენსი და პელეგრინი. ბარელა და კასტროვილი თვისებებით ყველაზე მეტად არიან ჩემს სტილთან ახლოს.
საუკეთესო მწვრთნელი დღეს ჩემი აზრით, კლოპია და იმედი მაქვს, რომ „იუვეში“ ვიხილავ. თუმცა, გვარდიოლას „ბარსელონა“ ყველაზე ეფექტურ ფეხბურთს თამაშობდა.
სარი? შეუძლებელია ასეთ მცირე დროში თამაშის სტილი და მენტალიტეტის შეცვლა. კიელინის ტრავმამც იქონია გავლენა, რადგან კორჯო გადასცემს სხვებს „იუვეს“ იდენტობას. უფრო მეტი საგანგაშო სიგნალი არსებობს წინა წლებთან შედარებით. გუნდი ნაკლებად მყარია და უფრო მეტ გოლს უშვებს. საჭიროა „ინტერისთვის“ და „ლაციოსთვის“ ყურადრების მიქცევა, რადგან არ დანებდებიან.
„იუვენტუსთან“ ჩემი ურთიერთობა ისევ კარგია, მაგრამ დაბრუნების დრო ახლა არაა, მე ჩემს ახალ გზაზე ვარ ორიენტირებული. ახალგაზრდა ვარ და დრო მაქვს. გამოსამშვიდობებელ თამაშს არასდროს მოვისურვებდი, რადგან ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ჩემი კარიერა „იუვეში“ უნდა დასრულებულიყო. ეს არ მოხდა, მაგრამ გეგმის შეცვლამ უცხოეთში თამაშის ძალიან კარგი გამოცდილება მომცა“, – თქვა მარკიზიომ.