სანაკრებო პაუზის შემდეგ სეზონი „იუვენტუსმა“ კარგად განაახლა და სერია A-ს მერვე ტურში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ანდრეა პირლოს გუნდმა საკუთარ მოედანზე „კალიარის“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.
მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, როდესაც კრიშტიანუ რონალდუმ დუბლი შეასრულა. პორტუგალიელმა ორივე გოლი ტაიმის მიწურულს გაიტანა, ხოლო მანამდე „იუვე“ დიდ უპირატესობას ფლობდა და რამდენჯერმე შეეძლო გატანა. ერთხელ ფედერიკო ბერნარდესკიმ გაიტანა კიდეც, მაგრამ ალვარო მორატა, რომელმაც მას პასი გაუკეთა, თამაშგარეში იყო.
ტაიმის მიწურულს იგივე კომბინაციის შემდეგ მორატამ რონალდუს გაუკეთა პასი და ანგარიში გაიხსნა. ოთხ წუთში კი რონალდუმ დუბლი გაიფორმა.
„იუვენტუსს“ მეორე ტაიმშიც ბევრი შანსი ჰქონდა, მაგრამ საგოლე მომენტების რეალიზების მხრივ ტურინელთა თამაში უკეთესის სურვილს ტოვებდა. სხვა მხრივ, ამჯერად ყველაფერი რიგზე იყო.
„იუვენტუსმა“ 16 ქულა დააგროვა და ამ დროისთვის მეორე პოზიციაზე აღზევდა. „იუვე“ მომდევნო მატჩს შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგაზე „ფერენცვაროშთან“ გამართავს.
„იუვენტუსი“ – „კალიარი“ 2:0 (2:0)
ტურინი, „ალიანც სთედიუმი“
„იუვენტუსი“ (4-4-2): ბუფონი; კუადრადო, დემირალი, დე ლიხტი, დანილო (ალექს სანდრო 85); კულუშევსკი (კიეზა 85), რაბიო (მაკკენი 69), არტური (ბენტანკური 85), ბერნარდესკი; მორატა (დიბალა 69), რონალდუ
მწვრთნელი: ანდრეა პირლო
„კალიარი“ (3-4-2-1): კრანიო; პისაჩენე, კლავანი (კარბონი (70), ვალუკიევიჩი; ძაპა, მარინი (კალიგარა 70), როგი, ტრიპალდელი (სოტილი 46); უნასი (ოლივა 81), ჟოაო პედრო; სიმეონე (პავოლეტი 80)
მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო
გოლები: 1:0 რონალდუ (38), 2:0 რონალდუ (42)
გაფრთხილება: რაბიო (33), დანილო (53), არტური (54) – ტრიპალდელი (35), სოტილი (74)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 19 (8) – 3 (0) ბურთის ფლობა: 62%-38% კუთხურები: 9:1 თამაშგარე: 2:1
მსაჯი: ფაბიო მარესკა